ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურსკის ოპერაციის სამხედრო და პოლიტიკური ფასი


ლენინის ძეგლი კურსკში, რუსეთში.
ლენინის ძეგლი კურსკში, რუსეთში.

ოპერაცია კურსკი - უკრაინელთა სამხედრო იერიში რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, თვეების განმავლობაში მიმდინარე დრონებით თავდასხმების, მოულოდნელი აფეთქებების, თუ ხარკივის ირგვლივ გრძელი რადიუსის იარაღით საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ, ბევრისთვის სრული მოულოდნელობა იყო. განსაკუთრებით კი, როგორც ჩანს, კრემლის მეთაურისა და სამხედრო სარდლობისთვის. ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ როგორიც უნდა იყოს ამ შეჭრის მიზნები ან უკრაინის გათვლა, ორი რამ ცხადად გამოჩნდა. ერთი: რუსეთს მოუწევს 1000 კმ-იანი საზღვრის დაცვაზე ზრუნვა და ეს მას ომს „გაუძვირებს“, მეორე კი ის, რომ ვლადიმირ პუტინისთვის დამამცირებელი რეალობა შეიქმნა, რომელმაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - შიდა პოლიტიკური სტაბილურობა დააყენა ეჭვქვეშ.

ორშაბათს, 27 აგვისტოს, მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე კურსკის ფრონტზე ათზე მეტ ადგილას მიიტანა იერიში. ვოლოდიმირ ზელენსკი კი კვირას ამბობდა, რომ მისმა ჯარმა კიდევ 3 კმ-ით წაიწია წინ და დამატებით, 2 დასახლებაზე მოიპოვა კონტროლი, სულ კი 15-მდე დასახელებას აკონტროლებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა სირსკიმ სამშაბათს თქვა, რომ კურსკში წინსვლა გრძელდება და უკრაინა ახლა რუსეთის ტერიტორიაზე 100-მდე დასახლებას აკონტროლებს.

ეს ახლა უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რუსეთზე წნეხი განახორციელონ. ეს კრემლისთვის შემარცხვენელია”,
- ჩარლზ კუპჩანი

მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ძალების მიერ მოგებული სახელოვანი „კურსკის ბრძოლიდან“ 81 წლის შემდეგ, 6 აგვისტოს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და კურსკის რეგიონის სიღრმეში შეიჭრნენ. 130 ათასზე მეტი მოქალაქე რეგიონიდან ევაკუირებულია. კიევი ამბობს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის მიზანი არ ამოძრავებს და მხოლოდ მოსაზღვრე რეგიონიდან განხორციელებული თავდასხმებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვა სურს.

ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერება უნდოდა, თუმცა მოლაპარაკება ახლა, ამ ვითარებაში არ განიხილება. მოსკოვი კიევს „სათანადო პასუხით“ ემუქრება, თუმცა დეტალებს არ აზუსტებს. ორშაბათს გათენებისას, უკრაინის ათობით დასახლება გაძლიერებული საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, არაერთ რეგიონში მოსახლეობას დენისა და წყლის მიწოდება შეეზღუდა.

კურსკში შეჭრა - რა დევს სასწორზე კიევისა და მოსკოვისთვის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:56 0:00

“ეს ახლა უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რუსეთზე წნეხი განახორციელონ. ეს კრემლისთვის შემარცხვენელია”, - ამბობს ჩარლზ კუპჩანი, “საგარეო ურთიერთობათა საბჭოს” უფროსი მკვლევარი. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, ორივე მხარე კურსკის რეგიონში საბრძოლო სიმაგრეებს აშენებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების ყველაზე დიდი შეჭრა, არც მცირე ოპერაცია აღმოჩნდა, არც უბრალოდ სამხედრო რეიდი, როგორც ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

პენტაგონი ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას და მისთვის იმის შესაძლებლობის მიცემას, რომ თავისუფლება და სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. გენერალ-მაიორ პეტ რაიდერის თქმით, ოპერაციის გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებით, უკრაინელ პარტნიორებს „ჯერ კიდევ ესაუბრებიან“:

„თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ მიზანი „ბუფერული ზონის“ შექმნაა. ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, რომ მეტი გავიგოთ მათ ამოცანებზე. [კურსკში ოპერაციით] მათ შეძლეს ის, რომ რუსებს უჭირთ პასუხის გაცემა. ამან ნამდვილად აჩვენა უკრაინელთა შემოქმედებითობა და ბრძოლის ველზე მათი ძლიერება. მათ გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებით კი ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ“, - ამბობს პენტაგონის პრეს-სპიკერი.

ოპერაცია "კურსკის" შესაძლო მიზნები

ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კიევის უმთავრესი მიზანი რუსებისთვის „ომის შინ მიტანის“ გარდა, უკრაინაში საოკუპაციო ძალებისთვის გამოწვევის შექმნაა, რამაც მოსკოვს ძალების გადანაწილება, ან ფრონტიდან შინ, საკუთარი ტერიტორიების დასაცავად გადასროლა აიძულოს. თუმცა როგორც ჩანს, დიდწილად ის ჯერ ისევ რუსეთში მყოფ ძალებს იყენებს.

“რუსები იყენებენ უკრაინაში მყოფი ჯარის ნაწილებს, მაგრამ ყველა მათგანი ნამდვილად არაა, მაგალითად, ხარკივის შემოგარენიდან კურსკში გადასროლილი ძალები.... რამდენადაც ახლა ვხედავთ, პოკროვსკის ამ ჩასივი იარის მიმართულებიდან, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის ამ კრიტიკული ნაწილებიდან ძალები ჯერ არ გაუყვანიათ”, - ამბობს ჯორჯ ბაროსი „ომის კვლევის ინსტიტუტიდან“. ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში ღია მონაცემებზე დაყრდნობით, საბრძოლო მოქმედებების შესახებ პრაქტიკულად ყოველდღიურ სიახლეებს აქვეყნებს.

ბაროსი ამბობს, რომ რუსული სარდლობისთვის მნიშვნელოვნად კვლავ ის უკრაინული ტერიტორიები რჩება, სადაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმტკიცით უტევენ:

“ისე ჩანს, რომ რუსი მეთაურებისთვის პრიორიტეტი ამ ძალების იქ, საიერიშო ოპერაციებისთვის ადგილზე შენარჩუნება უფროა. თუმცა, ისინი ასევე მზად არიან გასწიონ რისკი და წამოიყვანონ შენაერთები სხვა, ნაკლებად პრიორიტეტული სექტორებიდან”.

მკვლევართა ნაწილის აზრით, რუსული ძალებისთვის სამხედრო გამოწვევის შექმნის მიზანი გამართლებულია, მაგრამ იმისთვის, რომ ის წარმატებული იყოს, კიევს შესაძლოა საკმარისი ადამიანური რესურსი არ აღმოაჩნდეს.

პრობლემა ისაა, რომ უნდა შეგეძლოს, გყავდეს თავისუფალი ძალები იმისთვის, რომ შეინარჩუნო თავდაცვაც და სცადო ამ ტერიტორიების დაბრუნება, თუკი რუსეთისგან წნეხი შემცირდება",
- ჯონ ჰარდი

„უკრაინისთვის მიზანი, ვფიქრობ, რუსეთის იძულებაა, გადაისროლოს შენაერთები უკრაინიდან, განსაკუთრებით კი დონეცკის ოლქიდან, პოკროვსკის, ტორეცკის, თუ ჩასივი იარის ტერიტორიებიდან, ისევე როგორც ხარკივის შემოგარენიდან, სადაც რუსებმა წელს, მაისში, გარკვეული ტერიტორიები მოიპოვეს. ვფიქრობ, უკრაინამ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია და რუსებმა ხარკივის თუ ჩასივი იარის ზონებიდან გარკვეული ძალები გაიყვანეს“, - ამბობს ჯონ ჰარდი „დემოკრატიების დაცვის ფონდის“ რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილე და ხსნის, რომ კიევს ამ დროს შესაძლოა არ ჰყავდეს საკმარისი ძალები იმისთვის, რომ კურსკის ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთში საოკუპაციო ძალების განსადევნად გამოიყენოს და ტერიტორიები დაიბრუნოს.

„პრობლემა ისაა, რომ უნდა შეგეძლოს, გყავდეს თავისუფალი ძალები იმისთვის, რომ შეინარჩუნო თავდაცვაც და სცადო ამ ტერიტორიების დაბრუნება, თუკი რუსეთისგან წნეხი შემცირდება... ამ დრომდე ჩვენ არ გვინახავს, რომ უშუალოდ პოკროვსკზე ან ტორეცკის მიმართულებაზე ეს წნეხი შემცირებულიყოს, რუსეთი განაგრძობს ტერიტორიულ წინსვლას. მეორე გამოწვევაა ისიც, რომ იმავე ადგილებიდან, საიდანაც უკრაინელები ცდილობენ რუსეთს ძალები გააყვანინონ, მათ თავადაც გაჰყავთ ძალები, მათ შორის - ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან“, - ხსნის ამერიკელი ანალიტიკოსი.

პოკროვსკი, რომელზეც ჰარდი და ბაროსი საუბრობენ, ახლა ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ის სატრანსპორტო კვანძია და იმ ავტომაგისტრალთან მდებარეობს, რომელიც დონეცკში უკრაინული ძალების თავდაცვისთვის მნიშვნელოვან ქალაქებს აკავშირებს. რუსულმა ძალებმა ბოლო კვირებში რამდენიმე დასახლებაზე მოიპოვეს კონტროლი.

კიევი დიდი ხანია ითხოვს უფლებას, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად, რათა ამით მის წინააღმდეგ თავდასხმები აღკვეთოს. რამდენიმე თვის წინ დასავლელმა პარტნიორებმა ამის უფლება უკრაინას მხოლოდ ხარკივის შემოგარენში მისცეს. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების დაგვიანებული გადაწყვეტილებები კიევისთვის ამა თუ იმ იარაღის მიწოდების თუ მათ გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, შეიძლება კურსკის ოპერაციის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდეს.

“სამწუხაროდ, ვფიქრობ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, გავაცდინეთ მომენტი, როცა უკრაინისთვის ამგვარი, გრძელი რადიუსის დასავლური იარაღის გამოყენების უფლებას, ამ იარაღით რუსულ ტერიტორიაზე იერიშის მიტანას ყველაზე ნაყოფიერი შედეგი ექნებოდა”, - ამბობს ჰარდი და განმარტავს:

ესაა პუტინის გადაწყვეტილება, შიდა სამოქალაქო სტაბილურობის თაობაზე საკუთარი პოლიტიკური შფოთვა გონივრულ სამხედრო გადაწყვეტილებაზე წინ კიდევ ერთხელ დააყენოს",
- ჯორჯ ბაროსი

“ეს იმიტომ, რომ რუსეთმა თავისი ყველაზე დიდი საომარი თვითმფრინავების უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ავიაბაზებიდან გაყვანა დაიწყო. როგორც ამ ომში აქამდეც ბევრჯერ მომხდარა, დასავლეთის მიერ ამა თუ იმ შესაძლებლობის მიწოდება კვლავ ყოვნდება. საბოლოოდ, მგონია, რომ უკრაინელებს ამის გაკეთების უფლებას მივცემთ. კარგი იქნება, როცა ეს მოხდება, მაგრამ ეს უკრაინელებს ართმევს შესაძლებლობას ეს იარაღი მაქსიმალურად, საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენონ”.

“ომის კვლევის ინსტიტუტის” წამყვანი მკვლევარი ჯორჯ ბაროსი ფიქრობს, რომ როგორც უნდა წარიმართოს ვითარება კურსკის რეგიონში, შეინარჩუნებენ თუ დაკარგავენ უკრაინელები მოპოვებულ ტერიტორიებს, მნიშვნელოვანი შედეგი ის იქნება, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს დაუცველად დატოვოს უკრაინასთან საზღვარი და იგულისხმოს, რომ თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას არ შეეძლება საფრთხე შეუქმნას მას ამ საზღვრის სხვა ნებისმიერ ნაწილში.

„უკრაინელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შეიძლება იყოს ის, რომ გააქარწყლონ კრემლის მხრიდან სტრატეგიული დაგეგმვისას იმის აღქმა, თუ რა სჭირდება მას ომის მოსაგებად. ამ დრომდე, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში კრემლი გულისხმობდა, რომ მას არ სჭირდებოდა, რეალურად დაეცვა თავისი საერთაშორისო საზღვარი, კურსკი იქნებოდა ეს, ბელგოროდის თუ ბრიანსკის ოლქები. თუკი უკრაინის იერიში აქ წარმატებული იქნება, მაშინ ერთ-ერთი ეფექტი შესაძლოა სწორედ ის იყოს, რომ კრემლმა ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი სასაზღვრო რეგიონების დასაცავად მიავლინოს", - ამბობს ჯორჯ ბაროსი და განმარტავს, რომ თუკი ეს მოხდება, ამას რუსეთისთვის ომის საფასურის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. საბოლოოდ კი, უკრაინამ სულაც რომ დაკარგოს ზოგიერთი ეს ტერიტორია, რასაც ახლა აკონტროლებს, თავად ეს შედეგიც ღირებული იქნება.

რეპუტაციული ზიანი პუტინს და საფრთხე „პუტინის რუსეთისთვის“

“საომარი მანქანისთვის” ზიანის მიყენებასთან ერთად, ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას წლებია აკვირდებიან, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს რეპუტაციული ზიანი სწორედ “პუტინის რუსეთისთვის”. პრეზიდენტმა კურსკში უკრაინის შეჭრასთან გამკლავება უსაფრთხოების სამსახურს ჩააბარა. პუტინი ამბობს, რომ ეს დასავლეთის ორკესტრირებული იერიშია, თუმცა მეორე მხრივ, მას ტერორისტულ ოპერაციად მიიჩნევს და გენერალური შტაბის ნაცვლად, სწორედ “ეფ-ეს-ბეს” აბარებს სხვადასხვა ძალის კოორდინირებას. ექსპერტების აზრით, ეს მის პოლიტიკურ შეშფოთებაზე მიუთითებს.

ის, რასაც ახლა რუსეთის [სამხედრო] მეთაურობა აკეთებს, იმაზე საინტერესოა, ვიდრე ის, რის გაკეთებასაც, ოპერაციულ დონეზე, უკრაინელები ცდილობენ",
- ჯორჯ ბაროსი

„ის, რასაც ახლა რუსეთის [სამხედრო] მეთაურობა აკეთებს, იმაზე საინტერესოა, ვიდრე ის, რის გაკეთებასაც, ოპერაციულ დონეზე, უკრაინელები ცდილობენ. გამაოგნებელი იყო, რომ პუტინს რამდენიმე დღე დასჭირდა რეალურად პასუხის ფორმულირებისთვის. ძალიან გამიკვირდა, რომ ომი არ გამოაცხადეს, რომ არ აამოქმედებს საომარი ვითარება. არ ველოდი იმას, რაც გააკეთეს - „უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს“ მეთაურობით კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. ეს ძალიან საინტერესოა“, - ამბობს ბაროსი.

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევრის აზრით, ვლადიმირ პუტინის მიერ კურსკში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობის დაკნინება და მისი არა გაერთიანებული შტაბის, არამედ - უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაბარება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მას მხოლოდ შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე ამ შეჭრის ეფექტის ეშინია.

რუსი ხალხის რეაქცია

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინის გათვლა შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომ კრემლი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა, ამით კი მოსახლეობაში უკმაყოფილებას გაამწვავებდა.

“ვფიქრობ, ესაა [ვლადიმირ] პუტინის გადაწყვეტილება, შიდა სამოქალაქო სტაბილურობის თაობაზე საკუთარი პოლიტიკური შფოთვა გონივრულ სამხედრო გადაწყვეტილებაზე წინ კიდევ ერთხელ დააყენოს. ეს მისთვის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, [პოლიტიკური] ტვირთია. ის ყოველთვის შეცდომებს უშვებს იმის თაობაზე, თუ როგორ აწარმოოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ და პრიორიტეტს გამუდმებით შიდა პოლიტიკურ გათვლას ანიჭებს იმის ნაცვლად, თუ რა ჯობს სამხედრო თვალსაზრისით”, - ამბობს ომის მკვლევარი.

კრემლის პოლიტიკური თუ სამხედრო შეცდომების გამოვლენასთან ერთად, ზოგიერთ ანალიტიკოსს არანაკლებ მნიშვნელოვნად ის მიაჩნია, რაც რუსული საზოგადოების დონეზე გამოჩნდა. პოლ გობლი, რომელიც ათწლეულებია რუსეთსა და ევრაზიაში ეთნიკურ საკითხებს იკვლევს, ამბობს, რომ რუსი ხალხის რეაქცია იმას აჩვენებს, თუ სად არის და საით მიემართება ქვეყანა.

რუსეთის მთავრობის და რუსი ხალხის მარცხი, რომ მობილიზებულიყვნენ და ეს ხალხი უკან [საზღვრისკენ] გაედევნათ, არის აღიარება სამხედრო პერსონალში საჭირო რესურსების არარსებობის, და იმ პატრიოტიზმის არარსებობასაც, რომლის გაძლიერების იმედიც პუტინს ჰქონდა",
- პოლ გობლი

“რუსეთის მთავრობის და რუსი ხალხის მარცხი, რომ მობილიზებულიყვნენ და ეს ხალხი უკან [საზღვრისკენ] გაედევნათ, არის აღიარება არა მხოლოდ სამხედრო პერსონალში საჭირო რესურსების არარსებობის, არამედ ასევე იმ პატრიოტიზმის არარსებობასაც, რითაც პუტინი ასე ამაყობს და რომლის გაძლიერების იმედიც ჰქონდა. ერთი საქმეა მხარს არ უჭერდე შენი ქვეყნის არმიას, როცა ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა საკითხია არ გქონდეს რეაგირება იმაზე, რომ უცხო ქვეყნის ჯარი შენს ტერიტორიაზეა. ვფიქრობ, სწორედ ამაზე ფოკუსირებაა საჭირო. რატომ ვერ ვნახეთ რუსული პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის, ბრაზის აღზევება?“ - კითხულობს გობლი და „კურსკის ბრძოლას“ იხსენებს, როცა მისი თქმით, საბჭოთა რუსეთის მოქალაქეები გულწრფელი პატრიოტიზმით დაპირისპირდნენ მომხვდურ მტერს. მისი აზრით, „ესაა განაჩენი იმის შესახებ, თუ საით წაიყვანა პუტინმა ქვეყანა, და ესაა ყველაზე უარესი, რის გამოც კი ის შეიძლება გააკრიტიკონ“.

მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალის ეს, ყველაზე მასშტაბური შეჭრა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამან „პუტინის რუსეთის“ სამხედრო შესაძლებლობებიც დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა მოსკოვის პოლიტიკური სტაბილურობაც.

XS
SM
MD
LG