ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენკი საზღვრისპირა ფრონტის ხაზს ეწვია


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი რუსული სოფლის აღება გამოაცხადა, როდესაც ის ეწვია სასაზღვრო ზონას, საიდანაც უკრაინული ძალები რუსეთში შევიდნენ ორი კვირის წინ, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა აიღეს სოფელი აღმოსავლეთ უკრაინაში.

კიევმა ასევე განაცხადა, რომ მან დრონებით დარტყმა განახორციელა სამხრეთ რუსეთში მდებარე საჰაერო ბაზაზე, რაც იყო მისი ბოლო კონტრშეტევა, როდესაც რუსული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა გაანეიტრალა უკრაინული ძალების მცდელობა, შეეღწიათ მის საზღვარზე სხვა რეგიონში.

მოქმედებები შეინიშნებოდა კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის ადგილიდან 240 კილომეტრში. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კიევი შესაძლოა ომის უფრო სასაზღვრო რაიონებში გადატანას ცდილობდეს.

კურსკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ბეტონის თავშესაფრების მოწყობა, რათა უკრაინის შეჭრის დროს, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას.

ზელენსკიმ თქვა, რომ იგი შეხვდა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის, სუმის სასაზღვრო რეგიონში ვიზიტის დროს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოპერაციის შემდეგ, სუმიში დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შემცირდა. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული სოფელი აიღო. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ კიევი იქ 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ოთხშაბათს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას განუცხადა, რომ კიევის თავდასხმა კურსკზე უკრაინის დასაცავად იყო გამიზნული.

უმეროვმა განცხადებაში თქვა: „ჩვენი მიზნები იქ (კურსკში) არის საზღვრის გასუფთავება რუსული სამხედრო საფრთხეებისგან და შეუძლებელი გავხადოთ მტრის დაბომბვა და თავდასხმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე“.

შაბათს, უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 33-ე წელს აღნიშნავს. შეერთებული შტატების საელჩომ, უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ დამოუკიდებლობის დღეს, მანამდე და მას შემდეგ, რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის რისკები იზრდება.

XS
SM
MD
LG