გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც კიევში მყოფმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანნალენა ბერბოკს აქვს. ის აცხადებს, რომ უკრაინელები რუსეთან ბრძოლით ყველა ევროპელის თავისუფლებას იცავენ.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობით და მხარდაჭერით, რათა უკრაინელები არა მხოლოდ გადაურჩნენ ზამთარს, არამედ იმისთვის, რომ მათი ქვეყანა გადარჩეს. ისინი [უკრაინელები] იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში“, - თქვა კიევში მყოფმა ანალენა ბერბოკმა.
გერმანელი დიპლომატის თქმით, მაშინ, როცა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის დახმარებით უკრაინაზე ზეწოლას ზრდის, მნიშვნელოვანია კიევმა დასავლეთის ქვეყნებისგან, პარტნიორებისგან, მნიშვნელოვანი დახმარება მიიღოს, რომლითაც უკრაინა თავს დაიცავს.
გარდა ფრონტის ხაზზე მზარდი გამოწვევებისა, უკრაინას უწევს მზად შეხვდეს ზამთარს, რადგან რუსეთი, კიევის მტკიცებით, განზრახ ანადგურებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, იქნება ეს ელექტროსადგურები თუ ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინაში ყოფნისას, ანნალენა ბერბოკი უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გამართულ შეხვედრებზე მან თქვა, რომ უკრაინა, გერმანიისგან, დამატებთ 170 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს. ეს თანხა სრულად მოხმარდება დაბომბილი სადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას.
გერმანიის პირველი დიპლომატის თქმით, რუსეთს მოუწევს აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი, მანამდე კი, დიდი შვიდეულის ქვეყნები, 50 მილიარდ დოლარს სესხის სახით გამოყოფენ.
ბოლო პერიოდში, უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით, ევროპაში გერმანია მთავარი დონორი გახდა, რომელიც, ამ მიმართულებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
Facebook Forum