26 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ "ამ ომის მოსაგებად", $8 მილიარდზე მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს. განცხადება სულ რამდენიმე საათით უსწრებს წინ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, სადაც მას პრეზიდენტთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც უმასპინძლებს.
დახმარება მოიცავს ზუსტი დამიზნების მართვადი ბომბის პირველ ტვირთს, რომლის რადიუსიც 130 კილომეტრს აღწევს. საშუალო რადიუსის რაკეტები უკრაინის შეიარაღებაში მნიშვნელოვანი განახლება იქნება, რაც უკრაინელ მეომრებს მათი უსაფრთხო მანძილიდან გამოყენების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული რაკეტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა და მათი ჩამოგდება საბრძოლო თვითმფრინავებიდანაც შეიძლება. თეთრი სახლის ოფიციალური წყარო აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე, ბაიდენი არ მისცემს კიევს ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლებას. ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის თავდასხმას უკვე 31 თვეა უმკლავდება, შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. "სწორედ ამიტომ, ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე და ომის მოგებაში ხელშეწყობის დამატებით ქმედებაზე", - აცხადებს პრეზიდენტი, რომელიც ოფისს სულ რამდენიმე თვეში, 2025 წლის იანვარში დატოვებს.
დახმარების დიდი ნაწილი, $5.5 მილიარდი ამერიკამ უკრაინას რულ რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბრამდე უნდა გადასცეს, ახალი ფისკალური წლის დასაწყისამდე. დარჩენილი თანხა კი "უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის" ფარგლებში გაიცემა, რომელიც შეიარაღების შესყიდვის საშუალებას უშუალოდ იარაღის მწარმოებელი კერძო კომპანიებიდან იძლევა და ამერიკული იარაღის მარაგების გამოყენებით არ არის შეზღუდული.
დახმარების ფარგლებში უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები, უპილოტო საჰაერო სისტემები და სხვა საბრძოლო მასალა მიეწოდება. ის ასევე გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და მხარს უჭერს მის მოვლა-შენახვისა და მდგრადობის მოთხოვნებს, თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ამ დახმარების ფარგლებში, უკრაინას დამატებით "პატრიოტის" ტიპის რაკეტებსაც მიაწვდის. ბაიდენის განკარგულებით, პენტაგონი ასევე გააფართოებს F-16 თვითმფრინავების პილოტთა საწვრთნელ პროგრამას და დამატებით 18 პილოტს გაწვრთნის.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენსა და კონგრესს ახალი პაკეტისთვის და თქვა, რომ მისი გამოყენება "მაქსიმალური ეფექტიანობით და გამჭვირვალობით" მოხდება. "მადლიერი ვარ შეერთებული შტატების იმისთვის, რომ გვწვდის ყველაზე კრიტიკულ საშუალებებს, ჩვენი ხალხის დასაცავად", - განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
Facebook Forum