ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ასამბლეაზე: "არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს"


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეას მიმართავს. 24 სექტემბერი, 2024 წ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეას მიმართავს. 24 სექტემბერი, 2024 წ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომებზე გაამახვილა. ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მიმდინარე 79-ე ასამბლეას დღეს, 24 სექტემბერს მიმართა.

„სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა ბაიდენმა ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელ ესკალაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების დასასრულებლად, დიპლომატიური გზის გამონახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი ღაზის სექტორში უკვე ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მხარეებს, „დაასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმების პირობებზე“ მოლაპარაკება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მოიწონა.

რაც შეეხება რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირისპირ მყოფ უკრაინას, ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინის მხარდამჭერებს დაღლის უფლება არ აქვთ. "ჩვენთვის გადაღლა შეუძლებელია, ჩვენთვის შეუძლებელია თვალის არიდება, და არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობით", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დამსწრეთა შორის განსაკუთრებული აღფრთოვანება და აპლოდისმენტები გამოიწვია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ხსენებამ. თუმცა, აპლოდისმენტებისგან თავი შეიკავა ჩინეთმა და რუსეთმა, რომელთაც ბაიდენის მიმართვის არც სხვა რომელიმე მონაკვეთზე ჰქონიათ გამოკვეთილი რეაქცია. ასამბლეაზე ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლას 193 წევრი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციები ესწრებოდა.

”ჩემო მეგობარო ლიდერებო, არასდროს დავივიწყოთ, რომ ზოგი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა... და ეს შენი ხალხია", - განაცხადა ბაიდენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG