პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა უკრაინის საკითხი დონალდ ტრამპთან განიხილოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის მოთხოვნების შეცვლას აპირებს - განაცხადა კრემლმა პარასკევს.
ამ თემაზე პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
"პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები იცვლება. პირიქით, ის იმეორებს, რომ ეს მიზნები იგივე რჩება", - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი რუსი ხალხის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.
"ეს ყველაფერი ეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროების ინტერესებს, და რუსი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებს, რომელიც იქ ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მხრივ რაიმე ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა", - თქვა პესკოვმა.
ვლადიმირ პუტინმა 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს: უკრაინამ უარი თქვას ნატოში წევრობაზე და გაიყვანოს ჯარი იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.
უკრაინა ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს ე.წ. "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა, რომელიც დასავლეთისგან მეტი სამხედრო მხარდაჭერის პირობებში ომის დასრულებას გულისხმობს.
დონალდ ტრამპმა ამერიკის მხრიდან კიევისთვის გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების რაოდენობა რამდენჯერმე გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ ომს არჩევიდან 24 საათშიც დაასრულებდა. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ იმედია შეძლებენ "სამართლიანი მშვიდობისთვის" თანამშრომლობას.
გამარჯვება დონალდ ტრამპს მიულოცა ვლადიმირ პუტინმაც. ხუთშაბათს მან ის მხნეობისთვის შეაქო, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა თავდასხმის შემდეგ გამოიჩინა და თქვა, რომ მოსკოვი მასთან დიალოგისთვის მზადაა და ომის დასრულებაზე ტრამპის მიერ გაკეთებული კომენტარებიც ყურადღებას იმსახურებს. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC-ის უთხრა, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან არ უსაუბრია, თუმცა "ვფიქრობ ვისაუბრებთ", - დასძინა მან.
დმიტრი პესკოვს ჰკითხეს ორი ქვეყნის ლიდერს შორის შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებაც და ამაზე პასუხად კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ არაფერი აქვს გამოსაცხადებელი და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარიც ძალიან ნაადრევია.