ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ამერიკელებს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას დაპირდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან ერს მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 7 ნოემბერი, 2024 წ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან ერს მიმართავს. ვაშინგტონი, აშშ. 7 ნოემბერი, 2024 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა და ხაზი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობას გაუსვა.

“200 წელზე მეტია, ამერიკა მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს ატარებს. ეს გადაჭარბება არ გახლავთ, ეს ფაქტია… ჩვენ, ხალხმა მივეცით ხმა და ავირჩიეთ ჩვენი ლიდერები. ეს მშვიდობიანად მოხდა. ასე მუშაობს დემოკრატია, ეს არის ხალხის ნება, რომელიც უზენაესია”.

პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვა 7 ნოემბერს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან გააკეთა.

მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და გამარჯვება მივულოცე. დავარწმუნე იმაში, რომ ჩემს ადმინისტრაციას დავავალე, იმუშაონ მის გუნდთან ერთად, რათა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად და წესების მიხედვით მოხდეს. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს… ასევე ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, ჩემს პარტნიორს და საჯარო მოხელეს. მან შთამაგონებელი კამპანია აწარმოა და ყველა დაარწმუნა იმაში, რაც მე ადრევე ვიცოდი და რისთვისაც ასე ძლიერ ვცემდი პატივს: ესაა მისი ნამდვილი ხასიათი. მან მთელი გული, სული ჩადო და მცდელობა არ დააკლო კამპანიას, მთელი მისი გუნდი უნდა ამაყობდეს იმ კამპანიით, რომელიც მათ აწარმოეს”.

გამოსვლაში ბაიდენმა პირობა მისცა ამერიკელებს, რომ მისი გუნდი იმუშავებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან ერთად და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. მან ამერიკელებსაც მოუწოდა, ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავონ და დაუწიონ დუღილის ტემპერატურას.

ამერიკის სულისთვის ბრძოლა ჩვენი დაარსების დღიდან აქტუალური იყო და დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ახლა გამარჯვების დრო დადგა, ეს ხომ აშკარაა. სხვებისთვის კი ეს დამარცხების პერიოდია, საარჩევნო კამპანიები კონკურენტულ ხედვათა ერთგვარი შეჯიბრია. ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს. ჩვენთვის მისაღებია ქვეყნის მიერ გაკეთებული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანა მხოლოდ გამარჯვების დროს არ უნდა გიყვარდეს, შეუძლებელია მოყვასის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა მას ეთანხმები. ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ.

მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის მიეცით ხმა, ჩვენ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს ვუყურებთ. დაუწიეთ დუღილის ტემპერატურას.

ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ უარი ვთქვათ ამერიკული საარჩევნო სისტემის ნდობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე. ეს [პროცესი] სამართლიანი და გამჭვირვალეა, და ასევე სანდოც, მოგების ან წაგების მიუხედავად. ასევე, უნდა აღვადგინოთ ყველა ჩვენი საარჩევნო მუშაკისადმი პატივისცემა... მათ მადლობა გადავუხადოთ... ბევრი მათგანი მოხალისეა. ან ამას უბრალოდ სამშობლოს სიყვარულით აკეთებს. და ისევე როგორც მათ მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, მეც, როგორც პრეზიდენტი, შევასრულებ ჩემს მოვალეობას. მე მივყვები ჩემს ფიცს და პატივს ვცემ კონსტიტუციას. 20 იანვარს ჩვენ გვექნება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა აქ, ამერიკაში“.

ცოტა ხნით ადრე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც მომავალი წლის იანვარში იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG