რუსეთის ჯარი უკრაინის სამხრეთით ახალ შეტევას ამზადებს, ინფორმაციას ამის შესახებ კიევი ავრცელებს. ზელენსკის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთს უკვე მობილიზებული ჰყავს ათიათასობით რუსი სამხედრო რათა იერიში მიიტანონ ქალაქ კრივი რიჰსა და მიკოლაევზე.
მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვმა უკვე დაბომბა დნეპროპეტროვსკის რეგიონი. არესტოვიჩის ინფორმაციით რუსეთს ახალი შეტევისთვის მზად ჰყავს დაახლებით 22 000 სამხედრო, თუმცა კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარს უკრაინელი სამხედროების „საკმარისად დიდი“ კონტიგენტი დახვდება.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, რომ რუსეთმა რეგიონის რამდენიმე ოლქზე საარტილერიო იერიშები მიიტანა, რა დროსაც განადგურდა საცხოვრებელი სახლები.
დღესვე ძლიერი აფეთქებები მოხდა მიკოლაევში, რა დროსაც ოფიციალური ცნობით 2 ადამიანი დაშავდა. მიკოლაევი საპორტო ქალაქია და ის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია. ქალაქი რუსი სამხედროების მიერ არაერთხელ დაიბომბა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული ომის 5 თვის თავზე, რუსულ იერიშებს 5 327 მშვიდობიანი უკრაინელი შეეწირა, ხოლო 7 000-ზე მეტი დაიჭრა.
მაშინ როცა რუსეთი ახალი იერიშებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი, 550 მილიონი დოლარის ოდენობის, სხვადასხვა მოწინავე სამხედრო შეიარაღებას ითვალისწინებს.
ახალი დახმარებით უკრაინა ამერიკული ჰაიმარსებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას მიიღებს, ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ადასტურებს.
ჰაიმარსები უკრაინის ჯარის შესაძლებლობებს ზრდის, რადგან მას დიდი დიაპაზონი აქვს და უფრო ზუსტი და ეფექტურია ვიდრე საბჭოთა ჯარის დროინდელი საარტილერიო საშუალებები. მას შემდეგ რაც ამერიკამ უკრაინას ჰაიმარსები გადასცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უკრაინის სასარგლებლოდ შეიცვალა.
პენტაგონი ამბობს, რომ უკრაინისთვის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუშაობა გრძელდება. ახალი დახმარების შესახებ ამერიკელ და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის სატელეფონო საუბარი 1 აგვისტოს გაიმართა.
Facebook Forum