ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის მცდარი წარმოდგენები და რეალობა უკრაინაში


საუკუნის მარცხი - ასე აფასებენ მოსკოვის წარუმატებლობას აეღო უკრაინის დედაქალაქი. კრემლი ფიქრობდა, რომ კიევს 2 დღეში დაიკავებდა და უკრაინის მთავრობას დაამხობდა. თუმცა მოსკოვს მალე საკუთარი გეგმების შეცვლა მოუწია. რა არასწორი გათვლები გააკეთა რუსეთმა უკრაინაში?

“რუსეთმა საერთოდ არ იცოდა არაფერი უკრაინის შესახებ, აქ არსებული საზოგადოებრივი განწყობების შესახებ. არ იცოდა, რომ აქ არ იყო ძლიერი პრორუსული განწყობები, რომ 2022 წლის უკრაინა საერთოდ არ გაქვს 2012 წლის უკრაინას. მოსკოვმა არაფერი არ იცოდა უკრაინის სამხედრო მომზადების და მისი არმიის შესახებ“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

კრამლის წარმოდგენა, რომ მის ჯარისკაცებს უკრაინელები სიხარულით შეხვდებოდნენ და „ნაცისტური ხუნტისგან“ გათავისუფლებას იზეიმებდნენ, სიმართლისგან შორს იყო.

„პუტინი მართავს სისტემას, რომელიც ტყუილებზეა დაფუძნებული. ის ვერ იღებს ინფორმაციას, რადგან მას საკუთარი ქვეშევრდომები ატყუებენ“, - უთხრა ელიოტ კოენმა, სამხედრო ისტორიკოსმა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკანმა „ამერიკის ხმას“.

ექსპერტები აფასებენ იმას, თუ რამ გამოიწვია ის, რომ რუსულმა დაზვერვამ ასე არასწორად შეაფასა მოწინააღმდეგე.

„ისინი მოელოდნენ სწრაფ გამარჯვებას უკრაინის მთავრობის ჩამოგდების წყალობით. ფიქრობდნენ, რომ ამისთვის უკრაინის შიგნით საკმარისი მოკავშირეები ჰყავდათ. ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ დაზვერვის სამსახურები, პუტინს ეუბნებოდნენ, რომ უკრაინის მთავრობა მალე ჩამოიშლებოდა“, - ამბობს გარი შმიტი, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან.

თუმცა რუსეთი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არასწორად აფასებდა ვითარებას. შეერთებული შტატების დაზვერვა ომამდე ფიქრობდა, რომ კიევი 72 საათში დაეცემოდა.

“ამერიკელი სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობდნენ, ხვდებოდნენ თუ რამდენად წინ იყო უკრაინული ჯარი, თუმცა პოლიტიკოსები ამას ვერ ხედავდნენ”, - ამბობს ელიოტ კოეენი.

მას მიაჩნია, რომ ამ პროგნოზებს ხელს უწყობდა არა დასავლეთის მიერ უკრაინელების არასწორი შეფასება, არამედ უფრო მეტად აღქმები რუსული არმიის სიძლიერეზე.

„რუსულ არმიაზე წარმოდგენებს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღქმები კვებავდა. აღმოჩნდა, რომ ეს არა მხოლოდ ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია. რუსული არმია საშინელ დღეშია”, - ამბობს ის.

ომამდე, ამერიკული დაზვერვა სწორი აღმოჩნდა იმაში, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან ომს გეგმავდა და ამაზე თვეებით ადრე დაიწყო საუბარი. ვაშინგტონი სავარაუდო თარიღსაც კი ასახელებდა. მაშინ უკრაინის ხელისუფლება ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

ბევრი ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებდა, ეყრდნობოდა ისტორიას. ისინი თვლიდნენ, რომ 100,000 რუსი სამხედრო არ იქნებოდა საკმარისი 40 მილიონიანი ქვეყნის დასაპყრობად, რომელიც დამპყრობელს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევდა. წარსული მაგალითები აჩვენებდა, რომ დამპყრობლური ომის წარმოება გაცილებით დიდ ჯარსაც უჭირს. მაგალითად, ფინეთის „ზამთრის ომის“ დროს, საბჭოთა კავშირმა საზღვარზე ნახევარ მილიონზე მეტი წითელარმიელი მიიყვანა.

დღეს რუსეთს, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მსგავსი მობილიზაციის უნარი არ აქვს და ფრონტზე ჯარისკაცების ნაკლებობის პრობლემა აქვს. ამიტომ კიდევ ერთი, რამ რაშიც კრემლი შეცდა, მისივე არმიის სიძლიერე იყო, ამბობს კოენი. „[პუტინი] ფიქრობდა, რომ ბევრად უფრო უკეთესი არმია ჰყავდა, ვიდრე რეალურად გამოჩნდა”, - უთხრა მან „ამერიკის ხმას”.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა საკუთარი პროპაგანდა დაიჯერა.

„რუსეთი არის გამონაკლისი და უნიკალური ქვეყანა, რადგან მისმა პოლიტიკურმა ელიტამ დაიჯერა საკუთარი პროპაგანდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მსოფლიოში მეორე არმია ჰყავდათ, რეალურად აღმოჩნდა რომ ეს მორალურად და ტექტიკურად გადაღლილი ჯარია 1960-იანი წლებიდან, რომელსაც არც სარდლობა უვარგა და არ შეიარაღება. ჩამოშლილია სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი და სხვა სისტემები. ეს ცუდი ხუმრობა აღმოჩნდა. რუსეთი საერთოდ არ არის მზად გლობალურ ბაზარზე სხვა ქვეყნებთან კონკურენციისთვის”, - ამბობს ის.

რუსული არმიის მომზადების დაბალმა დონემ ბევრი გააკვირვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ჯარის ცუდად შეფასებული პერფორმანსის შემდეგ, მოსკოვი არმიის რეფორმირებას შეუდგა. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელი აღმოჩნდა.

„მათ საკმარისი ფული დახარჯეს შეიარაღებულ ძალებზე, თუმცა რუსული სახელმწიფო სრულად კორუმპირებულია და ბევრი რამ იქნა მოპარული. ამიტომ დახარჯული რუბლების სანაცვლოდ, უკან საკმარისი ვერ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტ ფულს ხარჯავდნენ, არ მომხდარა ოპერაციული ტაქტიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ახალი შეიარაღების შესაბამისი, მოეცვა თუ როდის და როგორი შეიარაღება სჭირდებოდათ და რატომ", - ამბობს შმიტი.

მისი თქმით რუსული არმია განაგრძობს საბჭოთა სტილით ომს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილები განაპირობებს მიზნებს და არა ფრონტზე არსებული ვითარება.

"ისინი არ აქცევდნენ ყურადღებას ქვეითებს, რიგით ჯარისკაცებს, რომლებსაც დასავლეთში უდიდესი დრო და ყურადღება ეთმობა”, - ამბობ შმიტი.

ახლა რუსეთი ამ არასწორი გათვლების შედეგებს ფრონტზე იმკის. კიევიდან გასვლის შემდეგ მისი მთავარი სამიზნე დონბასია, სადაც დასავლური დაზვერვის თქმით, მცირედ წინსვლას დიდი დანაკარგების ფასად აღწევს.

საპასუხოდ, დასავლეთი განაგრძობს უკრაინის დახმარებას. ის, რომ ამერიკის და ევროპის პასუხი იქნებოდა ამ მასშტაბისა და ერთიანი, კიდევ ერთი არასწორი გათვლა იყო. ამის მიზეზი კი ის იყო; რომ მოსკოვი ვაშინგტონს ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, სუსტად აღიქვამდა, ფიქრობს შმიტი.

“ხშირად ავტორიტარი ლიდერები დასავლეთს და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს აღიქვამენ, როგორც ბურჟუაზიულ, კორუმპირებულს, ზარმაცს და ა.შ. ბოლო 150 წლის განმავლობაში. ისინი ფიქრობენ, რომ დემოკრატიული საზოგადოება, მათი ლიდერები და დემოკრატიები მათსავით ძლიერები არ არიან. თუმცა ისტორიიდან, მათ სხვა დასკვნები უნდა გამოეტანათ“, - ამბობს ის.

უახლოესი ისტორიის მსგავსად, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ამ ომშიც, „თავისუფლება გაიმარჯვებს ტირანიაზე“, თუმცა კიევში დასძენენ, რომ ამისთვის საჭიროა, თავისუფლება “უკეთესად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტირანია“.

რა გათვალა კრემლმა არასწორად უკრაინაში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:44 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG