უკრაინაში რუსეთის ომის 5 თვის თავზე, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის დასაწყებად ყველაფერი უკვე მზად არის. ახლა კიევი ანკარისა და გაეროს საბოლოო მითითებებს ელოდება.
გემების ნაწილი უკვე უკრაინაშია, ნაწილი გზაში, მზად არის ტერმინალებიც, საიდანაც პროდუქტების გემებზე დატვირთვა უნდა მოხდეს. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი - ოდესის, ჩერნომორსკისა და პივდენიის - პორტებიდან მოხდება.
უკრაინა მსოფლიოში ხორბლის, ქერის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. თუმცა, თვეების განმავლობაში ექსპორტი ვერ ხერხდებოდა, რადგან პროცესს მოსკოვი აფერხებდა. მარცვლეულის ექპორტზე შეთანხმებას ხელი 22 ივლისს მოეწერა. კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში შუამავლები გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და თურქეთი არიან.
შეთანხმების პირობების შესრულებას მთელი მსოფლიო აკვირდება. პარასკევს ოდესის პორტში დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩებიც ჩავიდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
„დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მის ძალისხმევას და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს მარცვლეული მივაწოდოთ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს მთელ მსოფლიოში. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გაიაზროს პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და დაუშვას ამ მარცვლეულის ექსპორტი,“- თქვა ოდესის პორტში საუბრის დროს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.
გემები უკრაინულ პორტებშია, თუმცა ჯერ ტრანსპორტირება არ დაწყებულა, საბოლოო დეტალები ზუსტდება. ახლა სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრი, მუშაობს მარშრუტზე შავ ზღვაში, რომლითაც გემები უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.
„ჩვენ განვიხილავთ ჩვენს კოლეგებთან, გაეროსთან და თურქეთთან ერთად, დერეფნის შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ გაივლიან გემები შავ ზღვას. ველოდებით თანხმობას. აუცილებელია, რომ გაერომ დაამტკიცოს ეს მარშრუტი,“- ამბობს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსნდრე კუბრაკოვი.
როგორც ჩანს, დეტალების დაზუსტება ახლა რუსეთთან მიმდინარეობს, რადგან კიევი ამბობს, რომ ისინი პროცესის დასაწყებად მზად არიან და გეგმას უკვე დათანხმდნენ.
„ჩვენი მხრიდან [დამტკიცებული] რამდენიმე ვარიანტზეა საუბარი, რაც ჩვენთვის მისაღებია“- ამბობს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა პროცესი დღესვე დაიწყოს, კუბრაკოვს ზუსტი პასუხი არ აქვს.
„ვნახოთ. ველოდებით კვირის ბოლოს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარიმართება პროცესი გაეროს გუნდის მონაწილეობით,“- ამბობს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ამჟამად ოდესის პორტში 17 გემი დგას, რომლებსაც 600 000 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.
„ოდესის პორტებში უკრაინული მარცვლეულით პირველი გემები იტვირთება, რომლებიც უკრაინიდან ტონობით მარცვლეულს გაიტანენ. ეს გემები უკრაინას მალე დატოვებენ და ჩავლენ დანიშნულების ადგილას,“- ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის შტაბის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო.
ოდესაში იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც არსებულ ვითარებას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მანვე დღეს დაჭრილი სამხედროები დააჯილოვა.
ოდესაში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მინდინარეობს. კიევი ამბობს, რომ დაზიანებული გაზსადენების აღდგენა სრულად მოხდა და მიმდინარეობს დანგრეული შენობების აღდგენითი სამუშაოები. ქალაქი ოდესა რუსული ჯარის ერთ-ერთი სამიზნეა და ის არაერთხელ დაიბომბა, მათ შორის დაბომბილია სკოლები და საბავშვო ბაღები.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ოდესაში ვიმყოფებით. რეგიონში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეულია 416 შენობა-ნაგებობა, მათი უმრავლესობა მაღალსართულიანი შენობებია, ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები და ადმინისტრაციული შენობები. მილსადენები უკვე აღვადგინეთ, ასევე აღდგენილია 245 საცხოვრებელი კორპუსი,“- ამბობს კირილ ტიმოშენკო, პრეზიდენტ ზელენსკის შტაბის უფროსის მოადგილე.
როდის დაიწყება მარცვლეულის ექსპორტი, ამ დრომდე უცნობია. 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მოსკოვმა ოდესის პორტი დაბომბა, რასაც დასავლეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გაიზარდა ხორბლის ფასიც. მაშინ მოსკოვმა თქვა, რომ მათ იერიში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.
Facebook Forum