ონლაინ გავრცელებული ყალბი ახალი ამბები იმიტომ კი არ არის სახიფათო, რომ მათ არასწორ შინაარსს ბევრი ადამიანი იჯერებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არყევს მკითხველის ნდობას და მის რწმენას დემოკრატიულ ინსტიტუტებში - ნათქვამია ახალ ბრიტანულ სამეცნიერო კვლევაში. მისი ავტორია ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერი, პროფესორი მერტენ რეგლიცი.
„წამყვანმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა სწორად შენიშნეს, რომ ყალბი ახალი ამბები მათ ფასეულობებს და საქმიანობას საფრთხეს უქმნის. თუმცა, ამ ონლაინ სიყალბეებით წარმოქმნილი მთავარი საფრთხე არ მდგომარეობს მათ უნარში, დარწმუნონ მკითხველი ფაქტობრივად არასწორი შინაარსის მასალის უტყუარობაში. არამედ, დემოკრატიული ფასეულობებისთვის და ინსტიტუტებისთვის ყალბი ახალი ამბებით შექმნილი უმთავრესი საფრთხე იმ კოროზიულ გავლენაშია, რომელიც მას აქვს მოქალაქეთა ნდობის ფაქტორზე“ – წერს პროფესორი რიგლიცი ნაშრომის დასკვნით ნაწილში.
რთულია ყალბი ახალი ამბების გავლენის მასშტაბის მათემატიკური სიზუსტით გამოთვლა და დასაბუთება - ნათქვამია ნაშრომში. სავსებით დასაშვებია ის ვარაუდი, რომ სამოქალაქო არეულობების, პოლიტიკური ჩიხის, სისტემური კოლაფსის, ან კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღმა არ დგას მხოლოდ ყალბი სიახლეები. „პოლიტიკური კონფლიქტები და პოლარიზაცია, რომელიც ტვირთად აწვება დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, ყალბი ახალი ამბების შედეგი კი არ არის, არამედ მათი წინმსწრები მოვლენაა და ის ისეთ პირობებს ქმნის, რომელშიც სიყალბე ყვავის“ - აღნიშნავს ავტორი.
პროფესორ რიგლიცის თქმით, სოლიდური გამოკითხვების შედეგებით დასტურდება, რომ ციფრული ინფორმაციის ფართოდ გავრცელების ეპოქაში, ყალბი ახალი ამბები იწვევს მოქალაქეთა ნდობის დაკარგვას არამარტო დემოკრატიული სისტემის, არამედ ერთმანეთის მიმართაც, რაც დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და დემოკრატიული ინსტიტუტების მორალურ უპირატესობებში რწმენის ეროზიას იწვევს.
ავტორი პარალელს ავლებს ნაცისტურ გერმანიასთან, სადაც 1932 წელს, მთავრობა ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდა, თუმცა ყალბი ან ცალმხრივი პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელებით, მან შეძლო პოლიტიკური კონტექსტის შეცვლა და პოლიტიკური ესკალაციის გამოწვევა. დღესაც, ლიბერალური დემოკრატიულ ქვეყნებში ფართოდ დასტურდება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვის ზრდა.
რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს, იმას, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოები წინ აღუდგნენ ყალბ ახალ ამბებს და მათ მიერ დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის შექმნილ საფრთხეს, კვლევა ამ მიმართულებით რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა.
ვინაიდან ყალბი ახალი ამბები დღეს უმეტესად სოციალური მედიით ვრცელდება, მთავრობებმა ისინი სპეციალური რეგულაციებით უნდა წაახალისონ, რათა გამჭვირვალე იყოს ინფორმაცია აღნიშნულ პლატფორმებზე რეკლამების დამკვეთების თაობაზე - ნათქვამია კვლევაში. ამას გარდა, თავად სოციალური მედიის კომპანიებს შეუძლიათ ინდივიდუალურ მომხმარებლებს ნდობის/რეპუტაციის ქულა მიანიჭონ, ანუ, შექმნან ერთგვარი სოციალური საფასურის მექანიზმი ყალბი სიახლეების გავრცელებისთვის.
რადგან ინფორმაციის გავრცელება სწრაფად და ეფექტიანად უკვე ბევრს შეუძლია, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა საჯარო დაფინანსებით მეტად უნდა უზრუნველყონ მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი მედია-საშუალებები. მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლოების გარანტი კი უნდა იყოს საბჭო, რომელიც ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს თანაბრად წარმოადგენს. ამის მაგალითია „ბი-ბი-სი“ ბრიტანეთში, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა.
ამას გარდა, დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობის მხრიდან უნდა წახალისდეს ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებაში ყალბ ახალ ამბებთან დაკავშირებით განათლებას ავრცელებენ, მათ ამხელენ და ებრძვიან. „საჯარო განათლება და საჯარო მაუწყებლობა საზოგადოების სიმდიდრეა“, რომელსაც მთავრობის ფართო მხარდაჭერა ესაჭიროება - ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.
და კიდევ: ნაშრომის ავტორის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა არ უნდა გამოიყენონ ტერმინი „ყალბი ახალი ამბავი“ ოპონენტის დისკრედიტაციისთვის და მითუმეტეს, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ისე, როგორც ამას ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკეთებდა. მსგავსი იარლიყები განსაკუთრებით დასაგმობია, ვინაიდან ეს ძირს უთხრის სიახლეებზე მომუშავე მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებსაც. პირიქით, საჯარო პირები მოვალენი არიან შეასრულონ საკუთარი მოვალეობის ეს მხარეც და დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხალხის ნდობა განამტკიცონ.
აღნიშნული ნაშრომი მომავალ კვირას გამოქვეყნდება სამეცნიერო გამოცემაში „ეთიკის და სოციალური ფილოსოფიის ჟურნალი“. წინასაპუბლიკაციო ვერსიის გაცნობა კი მკითხველისთვის ონლაინ არის შესაძლებელი.
Facebook Forum