ბოლო სამი წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების ნდობა მეცნიერების მიმართ, თანდათან იზრდება. შეერთებული შტატების მოქალაქეების უმეტესობას სჯერა, რომ მეცნიერება, ზოგადად, საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება.
თუმცა, ნდობა უპირობო არ არის და რიგით ამერიკელებს სამეცნიერო ნაშრომების მიმართ კითხვები რამდენიმე მიმართულებით აქვთ, მათ შორის - კვლევების დაფინანსებაზე და მათ მიუკერძოებლობაზე. ასეთი დასკვნებია გამოტანილი ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაციის, „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ ჩატარებულ უახლეს გამოკითხვაში.
გამოკითხვის მიხედვით, შეერთებულ შტატებში მეცნიერების მიმართ ნდობის მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ, როცა მსგავსი კვლევა პირველად ჩატარდა, 10 პროცენტით გაიზარდა. როგორც ირკვევა, გამოკითხული ამერიკელების 86 პროცენტს მეცნიერების მიმართ ნდობის მაღალი, ან საკმარისად მაღალი მაჩვენებელი აქვს.
რიგითი ამერიკელები მეცნიერებს გაცილებით უფრო ენდობიან, ვიდრე მაგალითად - არჩეულ ოფიციალურ პირებს. როგორც ირკვევა, შეერთებული შტატების მოქალაქეები პოლიტიკოსებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან. ნდობის რეიტინგში (ყველაზე ნაკლებიდან მეტისკენ) პოლიტიკოსებს თანმიმდევრობით მოსდევს: ბიზნეს-ლიდერები, ახალი ამბების მედია, რელიგიური ლიდერები, საჯარო სკოლის ადმინისტრატორები, სამხედრო ლიდერები და ბოლოს - მეცნიერები. „პიუს“ კვლევების მიხედვით, მეცნიერების მიმართ ნდობა ჩამოთვლილ პროფესიებს შორის, ამერიკულ საზოგადოებაში ყველაზე მაღალია.
დემოკრატები მეცნიერებს უფრო ენდობიან, ვიდრე რესპუბლიკელები. გამოკითხული დემოკრატების დიდი უმრავლესობა, 73% თვლის, რომ მეცნიერებმა გაცილებით აქტიური როლი უნდა ითამაშონ სამეცნიერო თემებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დებატებში. რესპუბლიკელების უმრავლესობა კი, 54% მიიჩნევს, რომ მეცნიერები უმეტესად საკუთარ სფეროში მოღვაწეობით უნდა შემოიფარგლონ და პოლიტიკისგან თავი შორს დაიკავონ. დემოკრატების 62% ამბობს, რომ სამეცნიერო დასკვნები მხოლოდ ფაქტებს ეფუძნება, რესპუბლიკელების 55% კი აცხადებს, რომ სამეცნიერო დასკვნები ისევე მიკერძოებულია, როგორც სხვა პროფესიის ადამიანების.
პოლიტიკური ერთსულოვნება გამოიკვეთა მაშინ, როცა საქმე ეხება სამეცნიერო საკითხებზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს: როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების 54% თვლის, რომ საზოგადოებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სამეცნიერო საკითხებზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. უმრავლესობის ვერდიქტი გამჭვირვალობის მხრივაც ერთსულოვნებას ადასტურებს. მონაცემებზე წვდომის გაზრდა და კვლევების დამოუკიდებელი კომიტეტების მიერ განხილვა, სამეცნიერო კვლევების მიმართ ნდობას ზრდის.
განსხვავებები დაფიქსირდა სხვადასხვა სამეცნიერო დარგებს შორის. მაგალითად, მედიცინის მიმართულებით, გამოკითხული ამერიკელების 87 პროცენტს მკვლევარების მიმართ მაღალი (35%), ან საკმარისად მაღალი (52%) ნდობა აქვს. ითვლება, რომ ექიმებს აკურატული სამეცნიერო ინფორმაცია აქვთ. ძალიან ცოტა, სულ 24% მიიჩნევს, რომ სამეცნიერო კვლევები ინდობა ნუტრიენტების - საკვები ნივთიერებების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა) შესწავლის მხრივ.
გამოკითხულთა 58% არ ენდობა კერძო კომპანიების მიერ დაფინანსებულ კვლევებს. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი და თვლის, რომ მეცნიერები ყოველთვის ღიად არ აცხადებენ ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე, რაც იშვიათობას არ წარმოადგენს. რაც შეეხება საჯარო სუბსიდიებს, აქ შემაჯამებელი დასკვნების გამოტანა რთულდება. გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ საჯარო დაფინანსება კვლევების სანდოობას ზრდის, 28% ფიქრობს, რომ სანდოობა იკლებს, 48% კი აცხადებს, რომ ამით არაფერი იცვლება.
ბოლო კვლევის შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა. „პიუს“ მკვლევარებმა 2019 წლის იანვარში 4 400-ზე მეტი ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხეს. ნაშრომის ავტორები საშუალო ცდომილების ზღვრად პლიუს-მინუს 1.9 პროცენტს ასახელებენ. შედეგების დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია „პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე.
Facebook Forum