ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ქართული საბანკო სისტემა სრულად მოქმედებს ფინანსური სანქციების შესაბამისად


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებითი ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშში საქართველოცაა ნახსენები. ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ ამერიკისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

საბანკო სისტემის შესახებ ქვეთავში წერია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში – 14 კომერციული ბანკით, რომელთაგან 13 უცხოურია, 2 კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს. საბანკო სისტემა დახასიათებულია, როგორც სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი.

სახელწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის სამიზნე რეჟიმს. 2021 წლის ივნისში საქართველოს ერობნულ ბანკს გადაეცა საერთაშორისო გამომცემლობის Central Banking-ის გამჭვირვალობის ჯილდო.

ჯილდომ ხაზი გაუსვა გაუმჯობესებულ კომუნიკაციებს მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების შესახებ. ამავე ჯგუფის მიერ ეროვნული ბანკი ასევე იყო ნომინირებული 2021 წლის რისკის მენეჯერის ჯილდოზე. 2021 წელს Global Finance-მა ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მეოთხედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის.

ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუიცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, ბიზნესის და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ქვეყნებს შორის, თუმცა იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის მიმართ.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, იზრდება ეჭვები, რომ სასამართლოს ნაკლებად შეუძლია, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად.

იქვე ნახსენებია, რომ ბიზნესდავები სასამართლოში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ამასთან, „სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის არაეფექტიანობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, ბრალდებებს პოლიტიკურ ჩარევაზე, კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციულის, შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრის სირთულეებს“.

რაც შეეხება დავებს საკუთრების უფლებებზე, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო არის რეგიონში მაღალ ადგილზე, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.

ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს ანაკლიის პორტისა და ნამახვანჰესების პროექტებს.

„ანაკლია“ შემდეგ კონტექსტშია ნახსენები: ანგარიში მიუთითებს, რომ სატრანზიტო და ლოჯისტიკური სექტორები საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორებია, რადგან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ვაჭრობით შემოსავლის მიღებაზე ფიქრობს. აქვეა ნახსენები 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, თუმცა 2020 წელს „მთავრობამ შეწყვიტა კონტრაქტი ჯგუფთან, რაც ინვესტორთან სამართლებრივ დავაში გადაიზარდა“.

იქვე წერია: „იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება სურს, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG