ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი აღმოსავლეთ დონეცკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს


მეხანძრე ხარკივში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, 30 ივლისი, 2022 წ.
მეხანძრე ხარკივში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, 30 ივლისი, 2022 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული კვირის ბოლოს, თანამოქალაქეებს აღმოსავლეთ დონეცკის პროვინციიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა. რუსეთი აღნიშნული რეგიონის სრულად გაკონტროლებას ცდილობს, რის გამოც იქ მგდომარეობა მწვავდება.

"რაც მეტი ადამიანი დატოვებს ახლა დონეცკის რეგიონს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლის დრო დარჩება რუსეთს" - თქვა ზელენსკიმ შაბათს საღამოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში. ევაკუირებულებს უკრაინის პრეზიდენტი კომპენსაციას და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას დაპირდა.

დევნილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ჯერ კიდევ საომარ ზონებში იმყოფებიან. ეს ეხება გაცილებით დიდ დონბასის რეგიონს, რომელშიც შედის დონეცკის და ლუჰანსკის ოლქები.

სწორედ ამ რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა გასულ კვირაში სარაკეტო იერიში, რომელშიც უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოლინივკაში 40 უკრაინელი ტყვე დაიღუპა და 75 დაიჭრა.

უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სასწრაფოდ გამოიძიოს პარასკევს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გარემოებანი, რომელსაც უკრაინელი ტყვეები შეეწირნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელი ჯვრის ორგანიზაციამ კიევს გამოძიებაში დახმარება აღუთქვეს და საგამოძიებო ჯგუფების ადგილზე ჩასვლის ნებართვას ითხოვენ.

მომხდარს რუსეთის და უკრაინის მთავრობა ერთმანეთს აბრალებენ. მოსკოვის განცხადებით, შენობა, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, კიევმა ამერიკული რაკეტებით დაბომბა. უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინელი ტყვეების მოკვლით ომის დანაშაული ჩაიდინა. კიევი დაღუპულთა გვამების გადაცემას ითხოვს, რუსეთმა კი ჯერჯერობით მხოლოდ მათი ვინაობა გამოაცხადა.

ბრძოლები უკრაინაში მთელი შაბათ-კვირა გრძელდებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მათ სამხრეთით, ხერსონთან მიმდინარე ბრძოლებში 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. კიევის თქმით, რუსეთის მეირ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათ დაბომბეს ხიდები, გზები და სარკინიგზო ლიანდაგები. პარალელურად, რუსეთი აცხადებს, რომ მათ დონეცკის რეგიონში 130-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და რამდენიმე ადგილზე დაწინაურდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG