ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა სერბეთთან ორ მთავარ სასაზღვრო პუნქტთან მისასვლელი გზები გადაკეტეს.
კვირას გამწვავებული დაძაბულობის შემდეგ, რასაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან კონსულტაციები მოჰყვა, კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ადგილობრივი სერბებისთვის დოკუმენტების გამოცვლისა და დამატებითი დოკუმენტების მისაღებად 60-დღიანი ვადის ათვლას პირველ სექტემბრამდე გადადებს. კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 14 წლის შემდეგაც, ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ 50 000-მდე სერბს კვლავ სერბეთის მთავრობის მიერ გაცემული საავტომობილო ნომრები და დოკუმენტები აქვს და პრიშტინას მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ხრეშით დატვირთული სატვირთოებით და სხვა ტექნიკით გადაკეტილი გზების გამო, ორშაბათ დილას ხელისუფლებამ დოკუმენტების გაცემა ყველაზე დიდი სასაზღვრო პუნქტზე - მერდარიში დაიწყო.
"ეს გაგრძელდება, სანამ ბარიკადები იქნება და ხალხისა და საქონლისთვის გადაადგილების თავისუფლება აღდგება", - განაცხადა კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილება დოკუმენტაციის მოთხოვნას ორი მიმართულებით ითვალისწინებს, ერთი სანომრე ნიშნებს ეხება, მეორე - პირადობის მოწმობებს. კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი მსგავსია ბელგრადში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პრაქტიკისა, რომელიც სერბეთში ჩასულ კოსოვოს მოქალაქეებს ეხება.
1 აგვისტოდან ძალაში უნდა შესულიყო წესიც, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხებოდა. ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის უწყებების მიერ იყო გაცემული და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი). კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენების უფლებას იძლეოდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკურ უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმა.
კოსოვოს დამოუკიდებლობას 100-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს, თუმცა არა - სერბეთი და რუსეთი. ერთი წლის წინ, როცა ადგილობრივმა სერბებმა იგივე გზები სამანქანო ნომრების შესახებ სხვა ცვლილების გამო გადაკეტეს, კოსოვოს მთავრობამ სპეციალური ძალების მობილიზება გამოაცხადა, ბელგრადმა კი მოიერიშე თვითმფრინავები საზღვართან უფრო ახლოს განალაგა. 2013 წლიდან კოსოვო და სერბეთი ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პროცესშიც არიან ჩართულნი, თუმცა დიალოგს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
კოსოვოში მყიფე მშვიდობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ნატოს მისიის 3 700-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება. სიტუაციის გამწვავების შემდეგ კოსოვოს ცაზე ნატოს მისიის ვერტმფრენებიც გამოჩნდა. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მიტროვიცაში იტალიელი სამშვიდოებო დანაყოფები არიან განლაგებული.