მინსკი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ გაზაფხულზე ბელარუსში მორიგ ჯერზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
კრემლში განმარტავენ, რომ სანქტ პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს ერთობლივი სამხედრო წვრთნების იდეა ბელარუსის პრეზიდენტმა წამოჭრა, რასაც ვლადიმირ პუტინი დათანხმდა. არსებული ინფორმაციით წვრთნები თებერვლის ბოლოს ან მარტში გაიმართება.
რუსულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნები მაშინ დაიგეგმა და გაიმართება, როდესაც რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებას განაგრძობს.
კრემლის მიერ გავრცელებული ცნობის შემდეგ უკრაინაში ამბობენ, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან ახლა უკვე ჩრდილოეთიდან განახორციელოს და ამისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოიყენოს.
კიევის განცხადებას რუსეთში არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავენ. კრემლში ამბობენ, რომ პროვოკაციისთვის ნატო და უკრაინა ემზადებიან.
საფრთხე კი რეალურია და დაძაბულობას რეგიონში რუსეთი ქმნის. სწორედ ათასობით რუსი სამხედროა მობილიზებული ამ დრომდე უკრაინის საზღვრებთან, რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძულიც.
ადგილი, სადაც რუსულ ბელარუსული წვრთნები გაიმართება ამ დროისთვის ცნობილი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ წვრთნები უკრაინის საზღვრის მახლობლად გაიმართოს, რადგან შემოდგომაზე, მაშინ როცა ბელარუსა და პოლონეთის საზღვართან „მიგრანტთა ხელოვნური კრიზისი“ იყო შექმნილი, მინსკმა მოსკოვთან ერთად პოლონეთის საზღვრის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები გამართა და ძალის დემონსტრირებას შეეცადა.
რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში გაღრმავდა, მას შემდეგ რაც 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში არჩევნები გაყალბდა და ლუკაშენკომ თავი გამარჯებულად გამოაცხადა. გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მიმართ კი ლუკაშენკოს „რეჟიმმა“ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, დააკავა ათასობით აქციის მონაწილე,
გაყალბებული არჩევნებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გამო ბელარუსი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. ლუკაშენკოს რეჟიმი იზოლაციაში მოექცა, გასაჭირში მყოფმა რეჟიმმა კი მოსკოვთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავა და შემოდგომაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ ნატო რუსეთისა და ბელარუსის სერთო პრობლემაა.
Facebook Forum