უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ.
ორმხრივი მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის კონტროლისა და უკრაინის საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. ამის შესახებ, თეთრი სახლის უსაფთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, საინფორმაციო სააგენტოებს, „AFP”-სა და „Reuters”-ს განუცხადა.
„როდესაც სასაუბროდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთებები მაგიდაზე წარმოადგინოს. ჩვენც, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებებს, მოლაპარაკებების მაგიდაზე წარმოვადგენთ. იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, იქნება სფეროები, სადაც ვერ შევთანხმდებით. სწორედ ეს არის დიპლომატია“ - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი.
შეხვედრის თარიღი და ადგილი, საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ საუბრისას, ასევე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვი იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრებზე, კრემლის მიერ, ვაშინგტონისთვის წარდგენილი „უსაფრთხოების შეთანხმებები“ განიხილება.
რუსეთის წინადადებები მოიცავს მოთხოვნას, ნატომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება და სამხედრო თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო.
წინადადებები მოსკოვმა, უკრაინის საზღვართან სამხედრო დანაყოფების განთავსების ფონზე, მზარდი დაძაბულობის განსამუხტად წამოაყენა.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ჟენევაში, 12 და13 იანვარს, დამოუკიდებელი მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთს, ნატოსა და ეუთოს შორის.
თუ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის შეთავაზებისამებრ, ნატო-რუსეთის საბჭო შეიკრიბება, ბოლო ორწელიწად-ნახევარში, ეს ასეთი პირველი შეხვედრა იქნება.საბჭომ მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია განახორციელა.
რუსეთი უარყოფს, უკანასკნელ პერიოდში, შეერთებულ შტატებსა და კიევში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის დასაწყისში, მოსკოვი გეგმავს უკრაინაში შეჭრას. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მოსკოვს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მკაცრი შედეგებითა და ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ასევე, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ასევე შეუძლებელია უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება.