რუსეთმა მოლაპარაკების გამართვის თაობაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეთავაზება მიიღო. ნატო მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას, კრემლს დაახლოებით 2 კვირაში, 12 იანვარს სთავაზობს.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს. სააგენტო ციტირებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც კვირას თქვა, რომ კრემლი ამ შეთავაზებას განიხილავს. "ჩვენ უკვე მივიღეთ [ნატოს] წინადადება და მას განვიხილავთ" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთმა ბოლო თვეებში უკრაინის საზღვარზე კვლავ მოუყარა თავი დამატებით ათეულ ათასობით ჯარისკაცს, რაც დასავლეთის შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონში და ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი კვლავ უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. კრემლი ბრალდებას უარყოფს და ცდილობს მომხდარი ნატოს გადააბრალოს, რომელიც უკრაინაში გააქტიურდა.
პარალელურად, კრემლი ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს დაბეჯითებით ითხოვს. გარანტიებს შორის სახელდება ნატოს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოების შეჩერება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო აქტივობის შეწყვეტა უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მას კონფლიქტის თავიდან აცილება სურს, მაგრამ "დაუყოვნებლივ" ესაჭიროება უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატებისგან და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან. მოსკოვმა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკების დაწყებას იანვარში, ჟენევაში მოელის.
პასუხად თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული შეთავაზებები უსაფრთხოების მიმართულებით, აშკარად მიუღებელია. თუმცა, ვაშინგტონი უფრო კონკრეტულ წინადადებებს მოლაპარაკების ფორმატზე მომავალში გეგმავს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროპის კავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, გამუდმებით აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ გამორიცხავენ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას. "ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ მზად ვართ დავაწესოთ ისეთი სანქციები, რომლის მსგავსი აქამდე არ გინახავთ" - უთხრა ამასთან დაკავშირებით კვირას, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ტელეარხ "სი-ბი-ესს". ვაშინგტონი და ბრიუსელი ასევე განმარტავენ, რომ ნატო თავდაცვის ალიანსია და სამხედრო აგრესია მის გეგმებში არ შედის.
კრემლის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ვეტოს დადება. დასავლეთში ამ წინადადების მიღებას გამორიცხავენ. ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ევროპიდან ამერიკის ბირთვული იარაღის გატანას და ნატოს ბატალიონების გაყვანას პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნიდან, რომლებიც წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ.
Facebook Forum