ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში


რუსეთ-უკრაინის ომის 22-ე თვეს რუსეთი კიევზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. ამჯერად მოსკოვმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. ბოლო პერიოდში ეს დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

რუსეთის იერიშები უკრაინის დედაქალაქზე დილის ოთხ საათზე დაიწყო. უკრაინამ იერიშების მოგერიება დასავლური ანტი-საჰაერო სისტემებით შეძლო, თუმცა ერთი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ადგილობრივი პოლიცია ამბობს, რომ ოთხივე ადამიანი ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების შენობაზე დაცემის შედეგად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს.

ბალისტიკური რაკეტებით იერიშების მოგერიება კიევისთვის გაცილებით რთულია, რადგან ეს რაკეტები, მარტივად მანევრირებს და უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა სახის რაკეტები თუ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე იერიშებისთვის იყენებს.

სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტების ინფორმაციით, აფეთქებების ხმა კიევში მანამ გაისმა, სანამ საჰაერო განგაში ჩაირთვებოდა. მათი თქმით, რუსეთის იერიშების დროს დედაქალაქის მცხოვრებლებს ეძინათ და მოსახლეობამ დროული რეაგირება ვერ შეძლო.

კიევზე საჰაერო იერიშები ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა. წინა დღეების განმავლობაში რუსეთი უკრაინის დედაქალაქზე იერიშებისთვის ირანულ დრონებს „შაჰიდებს“ იყენებდა, რომლებსაც უკრაინელები „მოპედად“ მოიხსენიებენ, რადგან დრონის ძრავს მოპედის მსგავსი ხმა აქვს.

უკრაინელები შიშობენ, რომ გასული წლის მსგავსად, რუსეთის მთავარი სამიზნე წელსაც ზამთრის განმავლობაში ენერგო სექტორი იქნება, რაც ომში მყოფ ქვეყანაში ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.

რუსეთს იერიშების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. კიევი ამბობს, რომ მათ გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და 18 „შაჰიდის“ დრონი გაანადგურეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG