"ჰამასთან" მებრძოლმა ისრაელმა ღაზის სექტორზე მსხვილი იერიში მიიტანა. შეერთებული შტატები მომხდარით შეშფოთებულია და ამბობს, რომ ეს გადახვევაა ისრაელის მიერ დადებული პირობიდან, რომლის მიხედვითაც მას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი უნდა ეღონა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ პალესტინელთა ანკლავი მთელ სიგრძეზე ინტენსიურად იბომბება. ომის ამ ახალ ფაზაში, რომელიც ხანმოკლე ზავის შემდეგ განახლდა, სექტორში ასობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მონაცემთა გადამოწმება ადგილზე ჯერჯერობით რთულდება.
ისრაელის არმის მიერ 8 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, მან ბოლო 24 საათის განმავლობაში შეუტია 450-ზე მეტი სამიზნეს ღაზაში. იერიშები მიტანილია ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ეს ყველაზე მსხვილი შეტევაა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დროებითი ზავი დაირღვა და მას შემდეგ, დაახლოებით ორჯერ მეტია ყოველდღიურ მაჩვენებელზე.
იმის გამო, რომ ღაზის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ახლა დევნილია და არ აქვს წვდომა ნებისმიერი სახის დახმარებაზე, საავადმყოფოები გადატვირთულია და საკვებიც სადაცაა ამოიწურება - აცხადებს გაეროს მთავარი სააგენტო, რომელიც სექტორში იმყოფება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, საზოგადოება ანკლავში "სრულმასშტაბიანი კოლაფსის ზღვარზეა".
როგორც მკვიდრი მოსახლეობა, ისე ისრაელის არმიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გაძლიერდა ბრძოლები ჩრდილოეთის ორივე რაიონში. საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ისრაელი მანამდე აცხადებდა, რომ გასულ თვეში, იქ მისმა ჯარებმა ძირითადად შეასრულეს თავისი ამოცანები.
ამას გარდა, ისრაელმა შეუტია ღაზის სექტორის სამხრეთსაც, სადაც ახალი იერიშები ამ კვირაში დაიწყო. კიდევ უფრო მეტი თავდასხმა მოხდა დღეს დილით ანკლავის სამხრეთის მთავარი ქალაქის, ხან-იუნისის ცენტრის მიმართულებით.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ხუთშაბათს, 7 დეკემბერს, დაიღუპა 350 ადამიანი. მათი მტკიცებით, ისრაელის ორთვიანი კამპანიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღაზაში 17 170-ს აჭარბებს. ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ, ნანგრევებშია დამარხული.
”სამხრეთში კამპანიის დაწყებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ... აუცილებელია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა პრიორიტეტად აქციოს", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 დეკემბერს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ნაპრალია ისრაელის მიერ "მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის განზრახვასა და რეალურ შედეგებს შორის, რომლებსაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ".
ისრაელმა ღაზის სექტორს "ჰამასის" თავდასხმის პასუხად შეუტია. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად კი, ადგილობრივი "ჰამასის" კონტროლირებადი ხელისუფლების მონაცემებით, 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
Facebook Forum