რუსეთში დააკავეს სამი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB -"ფეესბე") აგენტების პირად მონაცემებთა უკანონოდ მოპოვებაში. საუბარია დაზვერვის აგენტებზე, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გასულ წელს, მისი მოწამვლის გახმაურებულ საქმეში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
საინფორმაციო სააგენტო "ტასი" და ვებ-პორტალი "ბაზა" იუწყებიან, რომ ეჭვმიტანილებმა, ნავალნის და მისი თანამოაზრეების დავალებით, უკანონო გზით ხელში ჩაიგდეს ინფორმაცია კერძო ფირმისგან, რომელმაც მათ გადასცა ადრესატთა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ზარების თარიღები. "მოპოვებული ინფორმაციის ნაწილი ნავალნიმ თავისი ერთ-ერთი გამოძიებისთვის გამოიყენა" - აცხადებენ რუსეთის ოფიციალური პირები.
ეჭვმიტანილებს - პიოტრ კატკოვს, ალექსანდრ ზელენცოვს და იგორ ზაიცევს - თაღლითობის ბრალი აქვთ წაყენებული. თუმცა, სამართალდამცველები იმასაც ამბობენ, რომ ეჭვმიტანილებმა არ იცოდნენ, რომ მათი კლიენტი ნავალნი იყო, რომელიც საკუთარი მოწამვლის ამბავს მედიის საშუალებებთან ერთად იძიებდა.
დეკემბერში საგამოძიებო ვებპორტალმა "ბელინგქეთი", ასევე "ინსაიდერმა", "სი-ენ-ენმა" და "შპიგელმა" გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც რუსეთის ოპოზიციის ლიდერის მოწამვლაში ბრალს "ფეესბეს" 8 აგენტს დებდნენ. ბრალდების მიხედვით, ისინი ნავალნის მოწამვლამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
რუსული "ნოვიჩოკით" ციმბირში მოწამვლის შემდეგ, ალექსეი ნავალნის გერმანიაში უმკურნალეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ის გერმანიაში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. თანხების გაფლანგვის ბრალდებით, რუსული ოპოზიციის ლიდერს ახლა 2.5 წელი აქვს მისჯილი. დასავლეთის ქვეყნებში ნავალნის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
აგვისტოში, ბრიტანეთმა გაასაჯაროვა სანქციების დეტალები 7 პირის მიმართ. ლონდონის ოფიციალური განცხადებით, ისინი რუსეთის დაზვერვის აგენტები არიან და ნავალნის მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილნი. ესენი არიან: ალექსეი ალექსანდროვი, ვლადიმირ პანიაევი, ივან ოსიპოვი, ვლადიმირ მოგდანოვი, კირილ ვასილიევი, სტანისლავ მაკშაკოვი და ალექსეი სედოვი.
თავად ნავალნი ფიქრობს, რომ მისი მოწამვლა უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მოხდა. კრემლი აღნიშნულ ბრალდებებს დღემდე უარყოფს.
Facebook Forum