ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის სპიკერმა სასამართლოს შემდეგ რუსეთი დატოვა


საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ორ წყაროზე დაყრდნობით იუყწება, რომ კირა იარმიშმა, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სპიკერმა, რუსეთი დატოვა. ის ქვეყნიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სასამართლომ თავისუფლება შეზღუდა იმის გამო, რომ მან, სავარაუდოდ, კორონავირუსის პროტოკოლები დაარღვია და ხალხს კრემლის კრიტიკოსის მხარდასაჭერად აქციის ჩატარებისკენ მოუწოდა.

ერთმა წყარომ საინფორმაციო სააგენტოს 30 აგვისტოს უთხრა, რომ იარმიშმა "რუსეთის ფედერაციის ტერიტორია დატოვა", ხოლო მეორე წყარომ კი თქვა, რომ ის "ჰელსინკიში გაემგზავრა".

16 აპრილს მოსკოვის სასამართლომ იარმიშს 18 თვიანი თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, დატოვოს მოსკოვი, მისი მიმდებარე რეგიონები და პოლიციის ნებართვის გარეშე მონაწილეობა მიიღოს საჯარო ღონისძიებებში.

სასამართლომ იარმიში დამნაშავედ სცნო კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების დარღვევაში. ის იანვარში ხალხს მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღოთ ნავალნის მხარდასაჭერ არასანქცირებულ აქციებში.

მსგავსი ბრალდებით ნავალნის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი გაასამართლეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბოლო კვირების განმავლობაში.

ალექსეი ნავალნი, რომელიც პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და ოპოზიციის ლიდერია, შარშან აგვისტოში საბჭოთა ნერვული აგენტი "ნავიჩოკით" მოწამლეს. გერმანიაში მკურნალობის და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, კი ის რუსეთში დაბრუნდა, სადაც საზღვრის გადაკვეთისთანავე დააპატიმრეს.

ნავალნის პირობითი სასჯელის პირობების დარღვევა ედება ბრალად. რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერს უმტკიცებს, რომ კომაში მყოფი ნავალნი რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო და არ დაერღვია პირობითი სასჯელის პირობები, რაც ქვეყნიდან გაუსვლელობას გულისხმობს.

ნავალნის, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროშია, 3 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG