ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თუკი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი მოკვდება, ეს იქნება "ტრაგედია", რომელიც დააზიანებს რუსეთის ურთიერთობებს როგორც ამერიკასთან, ისე - დანარჩენ მსოფლიოსთან.
ბაიდენს ნავალნის სიცოცხლის საფრთხის შესახებ კითხვა 14 ივნისს ნატოს სათავო ოფისში პრესკონფერენციისას დაუსვეს. ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ოთხშაბათს, ჟენევაში უნდა შეხვდეს.
ამ თვის დასაწყისში სატელევიზიო არხ NBC-ის ეთერში ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, აქვს თუ არა სურვილი პირადი გარანტია გასცეს იმისი, რომ ალექსეი ნავალნი 32-თვიან პატიმრობას მოიხდის და ციხეს ცოცხალი დატოვებს. პრეზიდენტმა პუტინმა პასუხად თქვა, რომ "მსგავს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში პრეზიდენტი არ იღებს". მისივე განმარტებით, ნავალნის ციხეში არ ექცევიან იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე რომელიმე სხვა პატიმარს.
ბაიდენის განმარტებით კი, ნავალნის შესაძლო სიკვდილი კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ რუსეთს ძალიან ცოტა ან საერთოდ არ აქვს სურვილი ადამიანის უფლებების საბაზისო, ფუნდამენტურ უფლებებს სცეს პატივი.
ნავალნი, რომელიც გასულ ზაფხულს ნერვული აგენტით მოწამლეს, ამტკიცებს, რომ ეს პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა. კრემლი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მომხდართან ნებისმიერ კავშირს უარყოფს. ნავალნის გერმანიაში მკურნალობდნენ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა, რომლის დატოვების უფლებაც სასამართლოს ძალით აკრძალული ჰქონდა. ის ქვეყანაში შესვლისთანავე დააპატიმრეს. აპრილში ნავალნიმ 24-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, რადგან მას ციხის ექიმების გარდა, სხვა ექიმის კონსულტაციის საშუალებას არ აძლევდნენ. გასულ კვირას ის ციხის საავადმყოფოდან საკანში დააბრუნეს.