ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციონერები რუსეთს იძულებით ტოვებენ


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი ამბობს, რომ ნათესავებისა და ახლობლების დაპატიმრების მუქარის შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეარხის, "Current Time"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გუდკოვი ამბობს, რომ ეს მისთვის „შესაძლებლობის ფანჯარა“ იყო, დაეტოვებინა რუსეთი მანამ, სანამ [კვლავ] დააპატიმრებდნენ. ოპოზიციონერის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ „გუდკოვის საქმე ნებისმიერი საჭირო საშუალებით მოგვარდებოდა“, თუმცა არ ასახელებს პირს, ვინც „გააფრთხილა“. გუდკოვი წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისთვის ქვეყნის დატოვების უფლება ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან იქნა გაცემული.

დმიტრი გუდკოვი
დმიტრი გუდკოვი

დმიტრი გუდკოვი რუსეთიდან უკრაინაში 6 ივნისს გაემგზავრა და თქვა, რომ ბულგარეთში, მშობლებთან აპირებს წასვლას. მისი თქმით, ეს „ემიგრაციად“ არ უნდა მიიჩნიონ: „ეს დროებითი, არანებაყოფლობითი წასვლაა, დროებითი გასვლა იმისთვის, რომ გადაჯგუფება მოვახდინოთ და გზა განვაგრძოთ. ვაპირებ პოლიტიკური აქტივობა გავაგრძელო, გავაერთიანო ყველა, ვინც რუსეთი პოლიტიკური მიზეზებით დატოვა“.

გუდკოვი 1 ივნისს მასობრივი საპოლიციო ოპერაციის შემდეგ დააკავეს, რომელიც 10-მდე ლოკაციის ჩხრეკას მოიცავდა და რომელშიც 100-მდე სამართალდამცავი იყო ჩართული. ის 3 ივნისს გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება „თაღლითობის მეშვეობით ფიზიკური ზიანის გამოწვევის“ თაობაზე გრძელდება.

პოლიტიკოსს 2015 წელს ნაქირავები ფართისთვის საფასურის გადაუხდელობას ედავებიან. დააკავეს მისი დეიდაც, რომელსაც შესაძლოა ამავე გამოძიების ფარგლებში ბრალი ასევე წაუყენონ. გუდკოვი საქმეს „შეთითხნილს“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ მან სახელმწიფო დუმის არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა. არჩევნები 19 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.


ოპოზიციონერმა თქვა, რომ რუსეთის დემოკრატიული რეფორმირების მიზნებს ის საზღვარგარეთიდან უკეთ მიაღწევს, ვიდრე - ციხიდან და თავი დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნისაც შეადარა. მან თქვა, რომ ყველა საკუთარ გზას ირჩევს:

„ადამიანები და მათი შესაძლებლობები, თვისებები განსხვავდება. ალექსეიმ ალბათ იფიქრა, რომ მისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა, ჩაბარებოდა და წასულიყო ციხეში, როგორც ერთგვარი სიმბოლო. ის ახლა არა მხოლოდ ოპოზიციონერი ფიგურა, არამედ საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოა. ყველამ თავისი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. მე არასდროს არავინ გამიკრიტიკებია, ვინც წავიდა. არც არავის განვსჯი, ვინც დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ახლობლების ტანჯვას ნიშნავს“, - განაცხადა გუდკოვმა.

ალექსანდრ სოლოვიოვი
ალექსანდრ სოლოვიოვი

გუდკოვის გარდა, რუსეთი იძულებით დატოვა ორგანიზაცია "ღია რუსეთის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ სოლოვიოვმაც. მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი გარკვეული დროით მისი ახლობლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჟამად. რუსეთის ტერიტორია დატოვა ლიპეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა ოლეგ ხომუტინნიკოვმა, რომელიც ადრე "ღია რუსეთის" ფედერალურ საბჭოს წევრი იყო. ის შემოდგომაზე დუმის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა.

ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი კი ციხეში რჩება. ის იანვარში დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. გერმანიაში კი ოპოზიციონერს მას შემდეგ მკურნალობდნენ, რაც ის ევროპელი მედიკოსების დასკვნით, ნერვული აგენტით მოწამლეს. კრემლი მის მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. სამართალდამცავები კი მას იმ მოთხოვნის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის თანახმადაც, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდა. ნავალნის დაპატიმრებას მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

რუსეთის ხელისუფლება კი რეპრესიებს ნავალნის მოკავშირეების წინააღმდეგაც აძლიერებს. მთავრობის სამიზნეშია ნავალნის "ანტი-კორუფციული" ფონდიც, რომელიც "ექსტრემისტული" და "ტერორისტული" ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG