გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100,000-ზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზება იყო. ვკითხულობდით ახალ ამბებს რუსი აგენტების შესახებ ჩეხეთში და რუსი ჰაკერების თავდასხმების შესახებ ამერიკაში. თუმცა, რუსეთი სულ უფრო აგრესიული არამხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ ქვეყნის საზღრებს შიგნითაც ხდება.
17 მაისს, რუსულმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების სიაში მოხვედრილ ადამიანებს სამსახურებს ატოვებინებდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მეტროს და ტრანსპორტის დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს, აიძულებენ განცხადებები დაწერონ და დატოვონ სამუშაო ადგილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ისტორიკოსი რუსეთში არსებულ ახლანდელ რეჟიმს, საბჭოთა კავშირისას ადარებს და "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ ახლა უფრო მძიმე რეპრესიებია პოლიტიკური ოპოზიციისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო.
“დღეს ჩვენ გვყავს ავტორიტარი რეჟიმი, რომელიც უარს ეუბნება მის მოქალაქეებს ყველაზე ძირითად უფლებებზე. ჩვენი არჩევნები, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, უაზროა“,- ამბობს კარა-მურზა.
ოპოზიციონერის თქმით, რუსეთში ნებისმიერი განსხვავებული აზრი იბლოკება და ამას პუტინის რეჟიმი საბჭოთა მეთოდებით ებრძვის. კარა-მურზას თქმით, დღეს რუსეთში 383 პოლიტიკური პატიმარია და „ეს რიცხვი ზუსტად არ ასახავს იმ რეალობას, რაც არსებობს ახლა რუსეთში. სია მოიცავს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც ორგანიზაცია „მემორიალს“ აქვს აღწერილი და ეს მხოლოდ იმ ადამიანების რიცხვია, ვინც ევროსაბჭოს ძალიან მკაცრ, კონსერვატიულ კრიტერიუმებში ჯდება“.
ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტპატიმარი კი ამ დროისთვის, ალექსეი ნავალნია. ნავალნი, რომელიც, მისივე მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებამ საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლა, ახლა სასჯელს პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევისთვის იხდის. მას არ აქვს წვდომა საკუთარ ექიმთან და როგორც მისი ადვოკატები და თანამებრძოლები ამბობენ, არ ექცევიან სათანადოდ. ამის გამო, ნავალნი შიმშილობდა, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების შემდეგ, პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად, ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც თავადაც ორჯერ მოწამლა რუსეთის ხელისუფლებამ, ივნისში, ბაიდენ-პუტინის სამიტი ესახება. მისი თქმით, ყოველთვის, როდესაც დასავლეთის ლიდერები კრემლის ხელმძღვანელს ხვდებიან, უკან გამოდიან კონკრეტული პოლიტპატიმრების სახელებით და გვარებით, ვისი გათავისუფლების გარანტიაც მიიღეს.
კარა-მურზას სჯერა, რომ ეს ასე ხდება, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ სხვა დასავლელი ლიდერების შემთხვევაშიც. მას მაგალითად ხადარკოვსკისა და სენცოვის პატიმრობები მოჰყავს და იხსენებს, რომ გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის ჩარევის გარეშე, ეს ადამიანები საპატიმროს ვერ დატოვებდნენ. ამიტომ „პრეზიდენტმა ბაიდენმა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე უნდა იმუშაოს“ და ეს უნდა იყოს „მთავარ საკითხებს შორის“.
„21 აპრილს ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართა ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც უამრავი ადამიანი დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება შეკრების შესახებ“.
პუტინის რეჟიმი ებრძვის არა მარტო ნავალნის, არამედ მის თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებსაც. „რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოახდინა ოპოზიციის კრიმინალიზება იმით, რომ რეგიონებში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ეკუთვნის, ან ასოცირებულია ოპოზიციონერ და უკანონო პატიმარ, ალექსეი ნავალნისთან, ექსტრემისტებად გამოაცხადა“,- ამბობს კარა-მურზა.
ექსტრემისტებად და ტერორისტებად პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოცხადება, ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი გზაა, ქვეყნის მართვისა. 18 მაისს, რუსეთის დუმამ მიიღო ორი კანონი, რომლის მიხედვითაც „ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან“ ასოცირებულ ნებისმიერ ადამიანს, აღარ ექნება უფლება დაიკავოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობა. ხოლო, მეორე კანონის მიხედვით, „არასასურველ ორგანიზაციასთან“ ასოცირებულ ნებისმიერ რუს მოქალაქეს 6 წლამდე ციხეში პატიმრობა ემუქრება.
„უნდა განვმარტოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება წყვეტს, რომელი ორგანიზაციაა „არასასურველი“ და რომელი „ექსტრემისტული“. იუსტიციის სამინისტროს საიტზე, არასასურველი ორგანიზაციების სიას თუ ნახავთ, ეს შეგიქმნით ყველაზე კარგ წარმოდგენას რუსეთის ხელისუფლების ყველაზე დიდ ფობიებზე და შიშებზე",- განმარტავს ოპოზიციონერი.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და „უილსონის ცენტრის“ პრეზიდენტი, მარკ გრინი იხსენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების „არასასურველად“გამოცხადება ბრძოლის ახალი ხერხი სულაც არაა პუტინისთვის.
„მახსოვს, როდესაც „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ ვხელმძღვანელობდი და პუტინმა არასასურველებად გამოგვაცხადა, ჩვენს მაშინდელ თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს მივმართე და ეს ამბავი მოვუყევი. მისი პასუხი იყო „ამდენი დრო რატომ დაგჭრიდათ?“ და შემდეგ გაიხსენა, რომ, როდესაც ის თავად გამოაცხადა პუტინმა არასასურველად, პრეს-რელიზში [მაკკეინმა] დაწერა: „და აი იწყება არდადეგები ციმბირში“. მიზეზი რატომაც მან ასე იხუმრა, ის იყო, რომ მაკკეინს ესმოდა, რომ როდესაც ასეთი რამ ხდება, როდესაც დარბევები ხდება, ეს ძლიერების კი არა, სისუსტის ნიშანია. ეს იმის ნიშანია, რომ პუტინს და მის რეჟიმს ეშინია ხალხის“,- ამბობს გრინი.
„ლევადა ცენტრის“ მონაცემების მიხედვით, პუტინის პარტიის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 27%-მდე ჩამოვიდა, ხოლო მოსკოვში 15%-მდე. თავად პუტინის რეიტინგი მოსახლეობაში 30%-მდეა შემცირებული, ახალგაზრდა ამომრჩევლებში კი ეს მონაცემი 20%-ზეა ჩამოსული.
პუტინს, როგორც ჩანს, ხალხის მართლაც ეშინია. 2021 წლის იანვარში, ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ, რუსეთში, ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთში 11,000 დემონსტრანტი დააკავეს.
მსგავსი რამ მოხდა აპრილშიც. როგორც ოპოზიციონერი კარა-მურზა იხსენებს, „21 აპრილს ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართა ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც უამრავი ადამიანი დააკავეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება შეკრების შესახებ“.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების, ოპოზიციონერების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, რუსეთში გაიზარდა ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და ასევე გაჩნდა ინტერნეტის გაკონტროლების ნიშნებიც. მარკ გრინი ამასაც, ნავალნის დაკავებას და ბოლო დროს, ხალხში გაჩენილ პროტესტს უკავშირებს.
„ნავალნის დაკავების და მის მიმართ არასათანდო მოპყრობის შემდეგ, როგორც ჩანს, სრულად ინფორმირებული მოსახლეობის შიშის გამო, ოფიციალურმა პირებმა შეანელეს ინტერნეტზე წვდომა. მათ ეშინიათ იმის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია. ისინი დგამენ ნაბიჯებს, რათა ნაწილობრივ, ან სრულად დაბლოკონ ვებსაიტები და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებობდეს სამთავრობო კონტროლი და ცენზურა“,- ამბობს გრინი.
შიდა პოლიტიკური რეპრესიებისა და კონტროლის გამწვავება რეიტინგებზეც აისახა. „ლევადა ცენტრის“ მონაცემების მიხედვით, პუტინის პარტიის რეიტინგი ქვეყნის მასშტაბით 27%-მდე ჩამოვიდა, ხოლო მოსკოვში 15%-მდე. თავად პუტინის რეიტინგი მოსახლეობაში 30%-მდეა შემცირებული, ახალგაზრდა ამომრჩევლებში კი ეს მონაცემი 20%-ზეა ჩამოსული.
ვლადიმირ კარა-მურზა თვლის, რომ ყველაფერი, რასაც კრემლი ბოლო პერიოდის განმავლობაში აკეთებს, ყველა ზეწოლა, ძალადობა და თავდასხმა, სწორედ იმის ნიშანია, რომ პუტინს ეშინია. ეშინია ძალაუფლების, რეიტინგების, გავლენების დაკარგვის. ამავე მიზეზის გამო, ის ყოველ ჯერზე აყალბებს არჩევნებს.
“დღეს ჩვენ გვყავს ავტორიტარი რეჟიმი, რომელიც უარს ეუბნება მის მოქალაქეებს ყველაზე ძირითად უფლებებზე. ჩვენი არჩევნები, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, უაზროა“,- ამბობს კარა-მურზა. ოპოზიციონერის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც არჩევნები რუსეთში ფორმალურად ტარდება, ისაა, რომ ეს არის „ერთადერთი საერთაშორისოდ აღაირებული ფორმა ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებისთვის“. არჩევნების ჩატარების მიზნებშიც, კარა-მურზა მსგავსებას ხედავს დღევანდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შორის, სადაც „მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, ვინც ხმას აძლევდა, არამედ იმას, ვინც ამ ხმებს ითვლიდა“.
შიდა პოლიტიკის გამკაცრებისა და ცენზურის, თუ კონტროლის გაზრდასთან ერთად, ასევე ამერიკასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთში კიდევ ერთი კანონი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატების საელჩოს რუსეთში, რუსი მუშახელის აყვანა აეკრძალა. შედეგად, ამერიკის საელჩოს მისი საკონსულოს თანამშრომლების 75%-ით შემცირება და მომსახურებების შეზღუდვა მოუწია.
12 მაისის შემდეგ, ამერიკის საელჩომ შეაჩერა ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთში და ვიზებს მხოლოდ „სიკვდილ-სიცოცხლის“ საკითხების შემთხვევაში გასცემს. გარდა ამისა, დაიხურა ამერიკის საკონსულოები ეკატერინბურგსა და ვლადივასტოკში. ადგილობრივი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთში „ამერიკის დიპლომატიური ჩართულობა ყველაზე დაბალია, რაც აქამდე ყოფილა“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც პროდასავლელი პოლიტიკოსია და ხშირად ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ახლა ამბობს, რომ ამერიკის გადაწყვეტილება საკონსულოების დახურვასთან დაკავშირებით, არასწორი იყო. „ეს არასწორ სიგნალებს უგზავნის, პირველ რიგში, რუს ხალხს“,- ამბობს ის. პოლიტიკოსი თვლის, რომ ამერიკამ ყველა მედიუმით უნდა შეძლოს რუს ხალხს ხმა მიაწვდინოს და ასევე, მისცეს საშუალება დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და მომავალ თაობას, რომ დასავლეთთან ფიზიკური კავშირი ჰქონდეთ.
გამწვავებული შიდა და საგარეო პოლიტიკის ფონზე, ახლა მთელი ყურადღება ივნისისკენაა მიყრობილი, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი უნდა გაიმართოს. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა ექსპერტები ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ პირისპირ შეხვედრის დროს, თეთრი სახლისა და კრემლის ხელმძღვანელები უკრაინის, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის, რუსეთ-ჩინეთის გაღრმავებული მეგობრობის, ბირთვული იარაღის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელებენ.
მანამდე კი, რუსეთის ოპოზიცია ქვეყნის შიგნით განაგრძობს ბრძოლას. კარა-მურზას სჯერა, რომ მიუხედავად საფრთხისა, რომელიც მას და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ემუქრებათ, ისინი ქვეყანაში უნდა დარჩნენ, სხვა შემთხვევაში, ეს იქნება „საუკეთესო საჩუქარი პუტინისთვის“.
Facebook Forum