ცივი ომის პერიოდის დაძაბულობის დაბრუნების საფრთხის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. შეხვედრა ისლანდიაში გაიმართება. ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვის აუდიენცია შესაძლოა ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა აღმოჩნდეს, ივნისში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო სამიტისთვის. სამიტის იდეა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა.
ბლინკენსა და ლავროვს შორის ეს რიგით პირველი შეხვედრაა მას შემდეგ რაც თეთრი სახლი ჯო ბაიდენმა დაიკავა. განსახილველი საკითხები მხარეებს შორის ბევრია. შეხვედრაზე როგორც ცნობილია განხილული იქნება უკრაინის საკითხი და რუსეთის ჯარების მობილიზება ქვეყნის საზღვრებთან.
ასევე საუბრის მთავარი თემა იქნება კიბერთავდასხმები ამერიკაში, რომელთა უკანაც რუსეთის კვალი იკვეთება, ასევე ამერიკის არჩევნებში ჩარევა, ალექსეი ნავალნის თემა, არქტიკის საკითხი და ჩრდილოეთის ნაკადი 2. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ენტონი ბლინკენმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ვამჯობინებდით რუსეთთან უფრო სტაბილურ და წინასწარ განსაზღვრულ ურთიერთობებს".
ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის გუნდს აქამდეც არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობის სურვილი არ აქვთ, თუმცა თუ რუსეთი ხისტ და დაუფიქრსებელ ნაბიჯებს გადადგამს "ამერიკა მზად არის პასუხი გასცეს".
ამერიკისთვის და დემოკრატიისთვის მთავარ გამოწვევებს შორის რუსეთიდან მომავალი საფრთხეც არის. ამავე სიაში ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეაც მოხვდნენ. სია ენტონი ბლინკენის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე თვის წინ ამერიკელ ხალხს გააცნო.
Facebook Forum