ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი დანიაში ეკონომიკის და კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დანიაში ეკონომიკის, უსაფრთხოების და კლიმატის საკითხებზე მოსალაპარაკებლად იმყოფება. ამასთან ერთად, სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციის მიმდინარე ძალისხმევის შესახებაც ისაუბრებს.

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა თქვა, რომ “გვსურს გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა საერთო მიზნებზე, მათ შორისაა კლიმატის კრიზისთან ბრძოლა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება, ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არქტიკაში პარტნიორობა”.

აშშ-ის პირველ დიპლომატს ჰქონდა აუდიენცია დედოფალ მარგრეტ მეორესთან და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვანტური მასალების ლაბორატორიის დათვალიერება დაგეგმა.

დანიის შემდეგ, ბლინკენი ისლანდიაში, რეიკიავიკში გაემგზავრება, სადაც არქტიკის საბჭოს მინისტერიალის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ბლინკენმა თქვა, რომ კოპენჰაგენი არის “იმ მოგზაურობის პირველი გაჩერება, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ნატოს გაძლიერებაზე, არქტიკაში პარტნიორობაზე, კლიმატის კრიზისთან დაპირისპირებაზე და პასუხის გაცემაზე სხვა გლობალურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ”.

ისლანდიაში მოლაპარაკებების კულუარებში, ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტი ამის შესახებ აცხადებს, რომ ეს იქნება შესაძლებლობა “რუსეთთან უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობის” მშენებლობაზე და საერთო ინტერესების სფეროებზე იმსჯელონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ “შევძელით უცბად ხუთი წლით გაგვეგრძელებინა მნიშვნელოვანი “ახალი სტარტის” შეთანხმება, მაგრამ ასევე ვაკვირდებით იმ სფეროებს, სადაც რუსეთი აგრესიულად იქცეოდა და მავნე ძალისხმევას მიმართა რისთვისაც, როგორც პრეზიდენტმა თქვა, საფასური იქნება გადასახდელი. ჩვენ უმოქმედოდ არ გავჩერდებით. ესკალაცია არ გვინდა, ჩვენ უბრალოდ უფრო პროგნოზირებადი, სტაბილური ურთიერთობა გვსურს. ვფიქრობ არის ისეთი სფეროები, სადაც ამ საკითხებზე საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან მსჯელობა შეგვიძლია”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG