შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში, მედიის ყურადღების ცენტრში "სი-ენ-ენის" ჟურნალისტები მოექცნენ, რომლებიც პირდაპირი ეთერით მაუწყებლობის დროს, მინეაპოლისის პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტებმა სამართალდამცავებს საბუთებიც აჩვენეს და უთხრეს, რომ ტერიტორიას იმ მიმართულებით დატოვებდნენ, რომელსაც მათ პოლიცია შესთავაზებდა. არაფერმა არ გაჭრა, ისინი მაინც დააკავეს.
მართალია, ჟურნალისტები მალევე გაუშვეს, მაგრამ ეს არ იყო მედიის წარმომადგენლების დაკავების ერთეული შემთხვევა. ბოლო ორი კვირის მანძილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე, როგორც პოლიციის, ისე დემონსტრანტების მხრიდან, პრესის წარმომადგენლებზე თავდასხმის საგანგაშოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.
უფლებადამცველებმა 200-ზე მეტი ფაქტი დათვალეს, როცა ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, მიაყენეს მათ სხეულის დაზიანება, დააკავეს ისინი, ან გაუფუჭეს აპარატურა, რომლითაც რეპორტიორები დემონსტრაციებს აშუქებდნენ. ხშირად, ისევე როგორც "სი-ენ-ენის" შემთხვევაში, პრესის წარმომადგენლები თავად ხდებოდნენ ახალი ამბების გაშუქების საგანი.
ასე მოხდა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის ჯეისონ პატინკინის შემთხვევაშიც. 31 მაისს, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მდებარე ლაფაეტის პარკთან, მას მოვლენების გაშუქების შემდეგ, როცა დავალებიდან შინ ბრუნდებოდა, პოლიციამ ესროლა. ესროლეს მის გვერდზე მყოფ სხვა გადამღებ ჯგუფსაც. დეზორიენტაციის გამომწვევი ყუმბარები მათ ფეხებთან აფეთქდა.
31 მაისს, ქალაქ ლინკოლნში (ნებრასკის შტატი), საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს "ლინკოლნ ჯორნალ სტარის" ჟურნალისტი კრის დანკერი. მას სპეციალური ჟილეტი ეცვა, რომელზეც გარკვევით ეწერა, რომ ის პრესის წარმომადგენელი იყო, მაგრამ პროფესიული მოვალეობის შესრულებამ მას ვერ უშველა.
დანკერს პოლიციელებმა პირქვე მიწაზე გართხმა უბრძანეს, ხელბორკილი დაადეს და შემდეგ იზოლატორში გადაიყვანეს. ჟურნალისტი მალე გაათავისუფლეს და ის მაშინვე შეუდგა საპროტესტო აქციიდან რეპორტაჟების წაყვანას.
"ძალიან შემაშფოთებელი იყო იმის ყურება, თუ სამართალდამცავები როგორ აშკარად იღებდნენ მიზანში ჟურნალისტებს, არღვევდნენ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებულ გაშუქების უფლებას და აკავებდნენ მათ საკუთარი მოვალეობის შესრულების გამო" - უთხრა დანკერმა "ამერიკის ხმას".
თუმცა, დემონსტრაციებზე მყოფი მედიის წარმომადგენლები მხოლოდ პოლიციის სამიზნე არ ყოფილან. ანი ჩხიკვაძე, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ჟურნალისტი, ვაშინგტონში მიმდინარე აქციის გაშუქებისას, თავად შეესწრო ინციდენტს, როცა სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტს ჯონათან ლანდაის, თავს აქციის მონაწილეები დაესხნენ და მომხდარი ტელეფონით გადაიღო.
ოცზე მეტი ჯგუფისგან შემდგარი კოალიცია სახელად ამერიკის პრესის თავისუფლების აღმრიცხველი, მონიტორინგს უწევს სიტყვის თავისუფლების მხრივ შეერთებულ შტატებში შექმნილ მდგომარეობას. ისინი ახლა პოლიციის მიერ ჟურნალისტების დაკავების 50-ზე მეტ ფაქტს იძიებენ. ყველა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე მოხდა.
ყველაფერთან ერთად, ეს ფაქტები აზიანებს ამერიკის, როგორც პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ბურჯის რეპუტაციას უცხოეთში, აღნიშნავენ უფლებადამცველები. ეს ელემენტარული რამ არის, ამბობს სარა მეთიუსი, ორგანიზაციის - პრესის თავისუფლების რეპორტიორთა კომიტეტის - ადვოკატი.
"ჟურნალისტების მიზანში ამოღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციის მხრიდან, მათზე იერიშის ან თავდასხმის გზით, მაშინ როცა ეს ჟურნალისტები უბრალოდ თავის სამუშაოს ასრულებენ, კანონს იცავენ და პოლიციის განკარგულებებს ემორჩილებიან" - უთხრა სარა მეთიუსმა "ამერიკის ხმას". მისი თქმით, ამ ინციდენტების ამსახველი ვიდეოები, რომელიც მან ნახა, ღრმად შემაშფოთებელია.
ამერიკაში მასობრივი დემონსტრაციები 25 მაისის ინციდენტის შემდეგ დაიწყო, როცა დანაშაულში ეჭვმიტანილი 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, მინესოტის პოლიციამ დააკავა. ის დაკავებისთანავე გარდაიცვალა, პოლიციელს კი მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. ინციდენტის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.
Facebook Forum