ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში აქციაზე "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა


კვირას, ლონდონში ათობით ათასი ადამიანი სოლიდარობის ნიშნად შეურთდა დემონსტრაციას, რომელიც ქალაქ მინეაპოლისში აფრო-ამერიკელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ შეერთებულ შტატებში დაიწყო.

დემონსტრანტები ქუჩაში აქციას ბანერებით შეუერთდნენ, წარწერით „რასიზმი ვირუსია“. აქცია შაბათსაც გაიმართა და ძირითადად, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. თუმცა, შეტაკებები მოხდა პოლიციასთან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან „დაუნინგ სტრიტზე“. ლონდონის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაშავებულია 27 ოფიცერი. ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

მთავრობა დემონსტრანტებს მოუწოდებდა, კორონავირუსის შეზღუდვების გათვალისწინებით, არ მიეღოთ მონაწილეობა აქციაში. თუმცა, დემონსტრანტები ამერიკის საელჩოს წინ მაინც შეიკრიბნენ.


დასავლეთ ინგლისში, ბრისტოლში აქციის მონაწილებმა მე-17-ე საუკუნის ბრიტანელი პარლამენტარის და მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს.

კვირას პროტესტმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. დემონსტრაციის დასრულებისკენ შეტაკებები მოხდა აქციის მონაწილეების ნაწილსა და პოლიციას შორის, საგარეო დეპარტამენტის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.


პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი მშვიდობიანად, მაგრამ აქცია „ხულიგნებმა გადაფარეს“.

„ისინი ღალატობენ იმ მიზანს, რომელიც განცხადებული აქვთ. დამნაშავეები პასუხს აგებენ“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალ ქსელ „ტვიტერზე“.

პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათის აქციაზე 29 ადამიანი, ხოლო კვირას დამატებით 12 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო ტალღა შეერთებულ შტატებში, თითქმის ერთი კვირაა რაც გრძელდება. დემონსტრანტები პოლიციის სისასტიკეს და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG