თეთრი სახლი არ ნანობს ერთი კვირის წინ თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დემონსტრანტების ლაფაიეტის მოედანთან დაშლას, რათა პრეზიდენტ ტრამპს „წმინდა იოანეს“ ეკლესიასთან ფოტო გადაეღო. ეს განცხადება, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაილი მაკენანიმ გააკეთა.
„ჩვენ ამ ნაბიჯების დაცვას ვაგრძელებთ“, - თქვა მან როდესაც კითხეს თუ რას უპასუხებდა კრიტიკას, რომ სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის აეროზოლები და მსგავსი ნივთიერებები გამოიყენა.
პრესსპიკერის განცხადებით, გადაწვეტილება თეთრი სახლის პერიმეტრის დაკავების შესახებ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც წმინდა იოანეს ეკლესიის საძირკველს ცეცხლი გაუჩინეს.
წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერი, ნენსი პელოსი და სენატის უმცირესობის ლიდერი. ჩაკ შუმერი თეთრი სახლის წინ მდებარე პარკის გახსნისკენ მოუწოდებენ. წერილში, რომელსაც დემოკრატები პრეზიდენტს უგზავნიან ნათქვამია, რომ ლაფაიეტის პარკი „დიდიხანია ადგილია, სადაც ამერიკელები იკრიბებიან, რათა თავისუფლად ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებით თეთრ სახლთან ახლოს“.
წერილში, კანონმდებლები პრეზიდენტს მიმართავენ. „შენს მიერ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ამ უნიკალური საჯარო პარკის მილიტარიზებულ ზონად გადაქცევა, მოქალაქეებს არ აძლევს უფლებას პარკზე ქონდეთ წვდომა და საშინელი გზავნილია ამერიკელი ხალხისა და მსოფლიოს გარშემო ადამიანებისთვის", - ამბობენ ისინი.
ვაშინგტონში საპროტესტო აქციები მთელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესეტო ტალღის ნაწილია, რომელიც აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის დაკავებისას გარდაცვალებას მოჰყვა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს სამართალდამცავებთან შეხვედრა ჩაატარა, რომლის დროსაც პოლიციის საქმიანობა შეაქო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიციამ საკუთარი საქმიანობა „უფრო რბილად უნდა შეასრულოს“. თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ „მსოფლიოში საუკეთესო სამართალდამცავებზე უარს ვერ ვიტყვით“.
ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია პოლიციის რეფორმის იდეებს განიხილავს. თუმცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დემოკრატები ორშაბათს წარდგნენ და რომელიც პოლიციის რეფორმას ითვალისწინებს, თეთრი სახლისთვის მიუღებელია.
„არ იქნება არანაირი დაფინანსების შეწყვეტა, დაშლა ჩვენი პოლიციის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. დემონსტრანტები პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ.
კვირას, ქალაქ მინეაპოლისის საბჭომ, პოლიციის დეპარტამენტის დაშლის და საჯარო უსაფრთხოებაში ინვესტირების დაპირება დადო.
ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო გეგმავს ქალაქის პოლიციის 6 მილიარდიანი ბიუჯეტი შეკვეცოს და გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ სამსახურს მოახმაროს.
ლოს-ანჯელესის მერი, ერიკ გარჩეტი ამბობს, რომ ქალაქი პოლიციის ბიუჯეტს 150 მილიონით შეამცირებს და ამ ფულს ახალგაზრდების პროგრამებს და ჯანდაცვას მოახმარს.
„მე არ ვემხრობი პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას“, - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-ის ეთერში. „მე ვემხრობი პოლიციისთვის ფედერალური დახმარების პირობებით მიცემას, თუ ისინი აკმაყოფილებენ წესიერების და კეთილშობილების ძირითად სტანდარტებს და შეძლებენ, რომ აჩვენონ რომ მათ შეუძლიათ თემის დაცვა“, - თქვა დემოკრატთა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა.
ფრაზა „შეუწყვიტეთ დაფინანსება პოლიციას“ დემონსტრაციის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი გახდა და ახლა, უკვე პოლიტიკური განზომილება შეიძინა.
Facebook Forum