ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ირანს დემონსტრანტთა სიკვდილით დასჯის გამო აკრიტიკებს


რომის პაპი ფრანცისკე ირანს იმ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის გამო აკრიტიკებს, რომელთა უმთავრესი მოთხოვნაც ქალების მიმართ მეტი პატივისცემა და მათი უფლებების დაცვაა.

პაპმა ეს განცხადება ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებთან წლიური შეხვედრისას გააკეთა. ეს მისი მხრიდან ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი კრიტიკა იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრაციები პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი წარმოშობის ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. მორალის პოლიციამ ის ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა.

"სიცოცხლის უფლება საფრთხის ქვეშაა იმ ადგილებში, სადაც სიკვდილით დასჯას კვლავ იყენებენ. როგორც ეს ხდება ახლა ირანში, ბოლოდროინდელი დემონსტრაციების შემდეგ, რომლის უმთავრესი მოთხოვნაც ქალების ღირსებისადმი მეტი პატივისცემაა", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ სიკვდილით დასჯა არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც უმაღლესი, სახელმწიფო სამართლის გამოხატულება, რადგან ის არ ემსახურება მსხვერპლისთვის მართლმსაჯულების აღსრულებას, არამედ მხოლოდ შურისძიების გაღვივებას უწყობს ხელს.

მან ამავე განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა წინააღმდეგობა სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის ფორმის მიმართ. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ირანში დემონსტრაციების შემდეგ სიკვდილით აქციების 4 მონაწილე დასაჯეს.

XS
SM
MD
LG