ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი აღიარებს, რომ საპროტესტო აქციებზე მსხვერპლია


ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თეირანი, ირანი. 26 ნოემბერი, 2022 წ.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თეირანი, ირანი. 26 ნოემბერი, 2022 წ.

ორშაბათს, 28 ნოემბერს, ოფიციალურმა თეირანმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში ხალხი დაიღუპა. გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ, რომელიც ირანის რევოლუციური გვარდიის აეროკოსმონავტიკის დივიზიას მეთაურობს, განაცხადა, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს ფიქსირდება და ბოლო 2 თვეში 300-ს აჭარბებს.

ეს შეფასება გაცილებით დაბალია ირანის უფლებადამცველების მიერ შეგროვილ მონაცემებზე. 451 დემონსტრანტი და 60 უსაფრთხოების მუშაკია დაღუპული ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის განცხადებით, სახელად - ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები ირანში. ის დამოუკიდებლად აწარმოებდა მონიტორინგს. ამასთან, ირანელი უფლებადამცველების ანგარიშით, 18 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ირანში გამოსვლები მაჰსა ამინის, 22 წლის წარმოშობით ქურთი ქალის მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ, მის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვა. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა, სადაც დემონსტრანტები ირანის მმართველთა გადადგომას ითხოვენ.

გენერალმა ჰაჯიზადემ კვლავ გაიმეორა ოფიციალური თეირანის ბრალდება, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციები ირანის მტრების წაქეზებითაა გამოწვეული. თეირანი მტრებს შორის დასავლეთის სახელმწიფოებს და საუდის არაბეთს ასახელებს, თუმცა - ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთის გარეშე.

საპროტესტო აქციებში ჩაერთნენ ირანის ცნობილი საჯარო სახეები, ხელოვნების, სპორტის და სხვა პოპულარული სფეროებიდან. გამოსვლებზე დემონსტრანტები ამბობენ, რომ ყელში აქვთ ამოსული ტერორი, სოციალური და პოლიტიკური რეპრესიები, რომელთაც თეირანი ათწლეულებია ახორციელებს.

რეჟიმის კრიტიკისთვის ირანში ახლახან დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი - ფერიდე მორადხანი. მან ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს" უწოდებს და რომელშიც ის გმობს ირანელი ხალხის წინააღმდეგ "აშკარა და ღია რეპრესიებს". მისმა ძმამ, მაჰმუდმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ფერიდე 23 ნოემბერს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც ის გამოძახების გამო, პროკურატურაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG