ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ირანში აქციების დროს 23 ბავშვი დაიღუპა


მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში პროტესტი არ წყდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით აქციების დროს ქვეყანაში 23 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა ჟენევაში ისაუბრა.

ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაბჟენით ან ახლო მანძილიდან, სასტიკი ცემა - ეს არის ორი გამოკვეთილი მიზეზი, რამაც მცირეწლოვნების გარდაცვალება გამოიწვია.

მანამდე თეირანში, ევინის ციხეში ხანძრის დროს სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. ხანძარი იმ ციხეში მოხდა, სადაც ძირითადად სასჯელს პოლიტპატიმრები იხდიან.

ირანში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა და მისი საკანში გადაყვანიდან 3 დღის თავზე, ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ამინს სხეულზე დაზიანებები და ცემის კვალი აღენიშნებოდა.

ვაშინგტონი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გაკვირვებულია იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლებიც თეირანში აქციებს მართავენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ ახლა ირანელი ხალხის დახმარებაა ამერიკის პრიორიტეტი და არა ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკება.

ოფიციალური თეირანი აქციებს ირანში საზღვაგარეთიდან მართულად მიიჩნევს და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას იყენებს.

მთავრობის ქმედებების მიუხედავად, აქციები ირანში გრძელდება და იზრდება როგორც დაკავებულთა ასევე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა. მშვიდობიან გამოსვლებს ამ დრომდე 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG