რუსეთმა კიევსა და სამხრეთ უკრაინის რეგიონზე, ოდესაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, მდინარე დუნაის პორტში კი ხანძარი გაჩნდა და საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ოთხშაბათს განხორციელებული რუსული საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის განცხადებით, რეგიონზე რუსული ძალების მიერ დრონებით თავდასხმა თითქმის სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, დაზიანდა რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ობიექტი. ხანძარი გაჩნდა იზმაილის რაიონშიც, სადაც დუნაიზე, მარცვლეულის მნიშვნელოვანი საექსპორტო პუნქტია.
"სოფლის მეურნეობის საწარმოს თანამშრომელი, რომელიც მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა", - განაცხადა კიპერმა.
კიპერმა პორტი არ დაასახელა. სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო კომპანია APK-Inform-მა კი განაცხადა, რომ ხანძარი მდინარე კილიას პატარა პორტში გაჩნდა.
უკრაინა დუნაიზე რამდენიმე მდინარის პორტს ამუშავებს. ასევე, ორ მთავარ პორტს, რენისა და იზმაილს, რომლებსაც რუსეთი დრონებით ადრე დაესხა თავს. კილიაზე თავდასხმა, რომელიც მშრალ ტვირთზეა ფოკუსირებული, პირველია.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ, 33 რუსული დრონიდან, 23 გაანადგურა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში თავდასხმისას, რუსეთმა 25 ირანული წარმოების შაჰედი, შვიდი ფრთოსანი რაკეტა და ერთი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი გამოიყენა.
ოთხშაბათს დილით, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები ასევე განახორციელა კიევზე. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინულმა საჰაერო ძალებმა, ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდო.
"მტრის კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა მშვიდობიან ქალაქზე", - თქვა სერჰი პოპკომ, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ტელეგრამზე“ გავრცელებულ პოსტში.
ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა დააზიანა შენობების ფასადები, კერძო ავტომობილები, სამედიცინო დაწესებულებისა და პოლიციის ოფისის ფანჯრები. ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქზე განხორციელებულ რუსულ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.