ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ფრონტის ხაზზე - როგორ მიმდინარეობს უკრაინის კონტრშეტევა?


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან ფრონტის წინა ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ მეთაურებთან თათბირი გამართა. დონეცკის რაიონი, უკრაინა. 5 სექტემბერი, 2023 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან ფრონტის წინა ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ მეთაურებთან თათბირი გამართა. დონეცკის რაიონი, უკრაინა. 5 სექტემბერი, 2023 წ.

უკრაინამ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას აგრძელებს. მათ აღმოსავლეთის მიმართულებით, რუსეთის მიერ დაპყრობილი კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება შეძლეს და სამხრეთის ფრონტზეც წინ მიიწევენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის წინა ხაზები რამდენიმე ადგილზე მოინახულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირაში უკრაინამ აღმოსავლეთ ფრონტზე, ბახმუტის მახლობლად, დაახლოებით 3 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. მან ისაუბრა "წარმატებაზე" სამხრეთის მიმართულებით, სოფლებთან ნოვოდანილივკა და ნოვოპროკოპივკა. თუმცა, მინისტრის მოადგილეს სამხრეთით მიღწეული წარმატების დეტალები არ დაუზუსტებია.

საბოლოო ჯამში, უკრაინამ ბახმუტთან 47 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში კონტრშეტევა დაიწყო. აღნიშნულ ცნობას ჰანა მალიარი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" ავრცელებს.

უკრაინის დაწინაურების თაობაზე ინფორმაციის გადამოწმების საშუალება მედიის წარმომადგენლებს ადგილზე არ ჰქონიათ. უკრაინის სოფლებში ბოლო დროს მიღწეულ წარმატებებზე ცნობებს ორივე მხარე ავრცელებს.

კიევი ასევე იუწყება, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფრონტის ხაზები მოინახულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ის რამდენიმე ადგილზე ჩავიდა, იქ ადგილობრივ საბრძოლო ნაწილებს შეხვდა, მათ მეთაურებთან ითათბირა და ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა.

მატარებლიდან გაკეთებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ექიმებს და სხვა სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ უკრაინელ მეომრებს ეხმარებიან. ის ჯარისკაცებს დაპირდა, რომ ფრონტის წინა ხაზებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შეხედულებებს გაითვალისწინებს.

"ყველაფერი, რაზეც ჩვენმა მებრძოლებმა ისაუბრეს, სარდლობის შეხვედრათა მონაწილეებს გადაეცემა. განსაკუთრებით ის, რაც ელექტრონულ ომთან დაკავშირებით ითქვა. ბიჭებო, ჩვენ [ნათქვამი] გარკვევით გავიგეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

კიევში ოფიციალური პირები უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ კრიტიკულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ნელი იყო, რომ ის შეფერხებებით და ცუდი ტაქტიკით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით აკრიტიკებენ ჯარების განლაგებას ზედმეტად ბევრ ადგილზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ გასულ კვირას თქვა, რომ კრიტიკოსები უბრალოდ უნდა "გაჩუმდნენ".

სამთვიანი კონტრიერიშის განმავლობაში, კიევმა უკრაინული სოფლების და დასახლებების ნაწილი დაიბრუნა. თუმცა, უკრაინული ძალების შეტევას რუსეთის მიერ ტერიტორიის დანაღმვა ანელებს. გასულ კვირას მალიარმა თქვა, რომ უკრაინელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და უკრაინის ძალებისგან ახლა უფრო სწრაფად წინსვლას მოელიან.

პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის სამიზნეებზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით ინტენსიური გახდა იერიშები საპორტო ინფრასტრუქტურაზე. კრემლი ასევე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული საბრძოლო დრონების თავდასხმების შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამის" ანგარიშზე 4 სექტემბერს გავრცელდა ერთ-ერთი ოფიცრის განცხადება, კოდური სახელით "ზღარბი". მისი ცნობით, "მტერი ძლიერად და სერიოზულად გვიტევს, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ მათ არ შემოვუშვებთ".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG