რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უწყების მტკიცებით, მისმა ძალებმა, ორშაბათს, ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, კურსკის რეგიონზე, რომელიც უკრაინას დასავლეთით ესაზღვრება, დრონებით თავდასხმა ორშაბათს გამთენიისას, 1:00 საათზე დაიწყო.
ამას წინ უსწრებდა კვირას სააღამოს, კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადება. რომან სტაროვოიტმა თქვა, რომ ჩამოგდებული დრონის ნარჩენებმა, ქალაქ კურჩატოვში, არასაცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩინა.
რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ატომური სადგური კურჩატოვიდან დაახლოებით 4 კილომეტრშია. მაგრამ, არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ქარხანა დაზარალდა ან ის თავდასხმის სამიზნე იყო.
კურსკის კუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის შენობა დაზიანდა დრონის თავდასხმის დროს. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დაეცა.
რუსეთის ობიექტებზე დრონებით თავდასხმები, მათ შორის მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა მას შემდეგ, რაც მარტში, კრემლის თავზე, ორი დრონი ჩამოვარდა.
ბოლო კვირებში, მოსკოვსა და მის შემოგარენში მომხდარი თავდასხმების შედეგად, დედაქალაქის აეროპორტების მუშაობა შეფერხდა. უკრაინა თავდასხმებზე პირდაპირ პასუხისმგებლობას იშვიათად იღებს, თუმცა აცხადებს, რომ მას ამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მის კონტრშეტევას ეხმარება.