ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: რუსეთში ჩამოგდებული დრონების სამიზნე მოსკოვი იყო


მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი

5 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, სამშაბათს დილით, უკრაინის მიერ გაშვებული 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მოსკოვი ფიქრობს, რომ მათი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი იყო.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, კალუგის და ტვერის რეგიონებში ორი დრონი გაანადგურა, რომლებიც მოსკოვის რაიონს ესაზღვრება. ერთი კი დედაქალაქის ცენტრთან საკმაოდ ახლოს, მოსკოვის რაიონის ტერიტორიაზე, ისტრას უბანზე ჩამოაგდეს.

დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონები "მოსკოვზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ". მისი თქმით, დაზიანდა სამომხმარებლო მომსახურების ობიექტი ისტრას უბანზე, რომელიც კრემლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს დილით, დედაქალაქის წამყვანი აეროპორტებიდან თითქმის 50 ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. საუბარია მოსკოვის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ ძირითად პუნქტზე: ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებზე.

რუსეთის სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები, განსაკუთრებით კი ყირიმში, რომელიც მოსკოვის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია, თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. იერიშები განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც ა.წ. მაისის დასაწყისში კრემლის თავზე ორი დრონი განადგურდა.

უკრაინა თავდასხმებზე პირდაპირ პასუხისმგებლობას იშვიათად იღებს, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე, მას სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანის ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მის კონტრშეტევას ეხმარება. მედიას დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG