უკრაინის ვერხოვნა რადამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის პრინციპებისა და პრაქტიკის, როგორც ტოტალიტარულისა და მიზანთროპულის, დაგმობის შესახებ“. რადის დეპუტატ ოლექსი ჰონჩარენკოს ცნობით, განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა 281-მა დეპუტატმა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი განცხადება, რომლითაც უკრაინის ვერხოვნა რადამ დაგმო რაშიზმი, როგორც იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკას“, - დაწერა ფეისბუკში ვერხოვნა რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომმა „მთელი მსოფლიოს წინაშე გამოააშკარავა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის რეალური არსი, როგორც ნეოიმპერიული, ტოტალიტარული დიქტატურის, რომელიც ბაძავს წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკებს, ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს ხორცს ასხამს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“.
განცხადებაში უკრაინის პარლამენტმა გაეროს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართა მოწოდებით, „მხარი დაუჭირონ რაშიზმის იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას“.
ასევე, ვერხოვნა რადამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მიიღოს ზომები, რომლებიც შესაძლებელს გახდის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას, უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.