ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი არ ნანობს "ტელეგრამის" დამფუძნებლისთვის მოქალაქეობის მინიჭებას


პაველ დუროვი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
პაველ დუროვი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის არ ნანობს "ტელეგრამის" დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის - პაველ დუროვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. რუსეთის მოქალაქე შაბათს, პარიზში დააკავეს. დუროვს ბრალად ედება ის, რომ მან ვერ მოახერხა გაეკონტროლებინა არალეგალური საქმიანობა, რაც სავარაუდოდ, მისი პოპულარული აპლიკაციის გამოყენებით ხდებოდა.

მაკრონმა, რომელიც ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბელგრადში იმყოფება, თქვა, რომ დუროვი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ფრანგული ისწავლა და ვინც სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობით დაჯილდოვდა: "მე დუროვს მოქალაქეობა მივანიჭე, მან ფრანგული ისწავლა. ასევე მოვიქეცი სხვა სპორტსმენების, ხელოვანების და სხვების მიმართაც. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია და განვაგრძობ ამის კეთებას", - თქვა მაკრონმა.

დუროვი შაბათს, საფრანგეთის დედაქალაქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან დაშვების შემდეგ დააკავეს. მალევე პრეზიდენტმა მაკრონმა დაწერა, რომ „საფრანგეთის მიწაზე "ტელეგრამის" პრეზიდენტის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა“ და რომ ამას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია. მედიის ინფორმაციით, დუროვს ბრალად ედება მისი პლატფორმის გამოყენებით დანაშაულთა ფართო სპექტრის ჩადენის შესაძლებლობის შექმნა, რადგან „ტელეგრამს“ მოდერატორები არ ჰყავს და პოლიციასთან არ თანამშრომლობს.

დაშიფრული კომუნიკაციების აპლიკაცია „ტელეგრამი“ დუბაიშია რეგისტრირებული და მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. ის განსაკუთრებით გავლენიანია რუსეთში, უკრაინაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

დუროვმა რუსეთი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც უარი თქვა სოციალური მედიის პლატფორმა „ვკონტაქტე“-ზე ოპოზიციური ჯგუფები დაებლოკა. ის პლატფორმაც მისი დაფუძნებული იყო, რომელიც მან მანამდე გაყიდა.

XS
SM
MD
LG