ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ხელისუფლებამ "ინსტაგრამი" და "ტელეგრამი" დაბლოკა


თეირანის უნივერსიტეტი, ირანი
თეირანის უნივერსიტეტი, ირანი

თითქმის ერთი კვირაა ირანში ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ეკონომიკური სირთულეებისა და ფასების ზრდის გამო დაიწყო და ქვეყნის დიდ ნაწილში გავრცელდა. საპროტესტო აქციებზე მოწოდებებს შორის სასულიერო მმართველობის დასრულების მოთხოვნებიც გაისმა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ათამდე ადამიანი.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ კვირას თქვა, რომ ხალხს უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი და გააკრიტიკოს ხელისუფლება. მაგრამ მალევე მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობა არ შეურიგდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და საჯარო ქონების განადგურებას.

„ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ჯგუფები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებს ანადგურებენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, ან ამბოხს აღვივებენ საზოგადოებაში დაუსჯელად დარჩნენ. ამას არც ჩვენი ხალხი მოითმენს,“ განაცხადა ჰასან როჰანიმ.

ეს პროტესტი ირანში მოსახლეობის უკმაყოფილების ყველაზე დიდი გამოხატვაა 2009 წლის შემდეგ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ ე.წ. „დროებითი შეზღუდვები“ დააწესა იმ აპლიკაციებსა და ქსელებზე, რომლებითაც პირდაპირი კომუნიკაციაა შესაძლებელი. დაბლოკილია „ინსტაგრამისა“ და „ტელეგრამის“ ფუნქციონირება, რომლებსაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა დემონსტრანტებს შორის ირანის მტრებთან დაკავშირებული პირები ამოიცნეს და რომ მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები ამოქმედდება.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ბოროტად გამოიყენეს მათ კიბერსივრცე და ასწავლიდნენ სხვებს იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების დამზადებას, როგორ მოუწოდებდნენ სხვებს ძალადობისკენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სახლებისა და მაღაზიების დაწვისკენ. ეს პირები ნამდვილად არ არიან ირანული საზოგადოების ნაწილი," განაცხადა აბდულრეზა რაჰმანი ფაზლიმ, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თანამოქალაქეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს იმ ირანელებმაც, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ იმით, რომ თეირანი, პროტესტების შერბილების მიზნით, ირანელებს სოციალური მედიის საშუალებით კომუნიკაციას უბლოკავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კმაყოფილება გამოთქვა იმისასთან დაკავშირებით, რომ "ირანელმა ხალხმა ბოლოსდაბოლოს დაინახა, რომ მათ ფულს იპარავენ და ტერორიზმის მხარდასაჭერად ხარჯავენ". ირანის პრეზიდენტმა კი, რომელიც ტრამპის ამ პოსტს გამოეხმაურა, თქვა, რომ მას ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს.

„ამ ადამიანს ამერიკაში, რომელსაც უნდა, რომ ჩვენს ხალხს დღეს თანადგომა გამოუცხადოს, ავიწყდება, რომ რამდენიმე თვის წინ მათ ტერორისტები უწოდა", ამბობს ირანის პრეზიდენტი.

ტრამპი კანდიდატობის პერიოდიდანვე მწვავედ აკრიტიკებს წინა ადმინისტრაციის მიერ ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG