ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, გამოვიდეს თუ არა შეერთებული შტატები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის შემუშავების შესაზღუდად დაიდო.

ტრამპმა უარი თქვა გაემხილა, თუ რა გადაწყვიტა, მაგრამ იმის მეორე დღეს, როცა მან ირანს „ეკონომიკურად გამოფიტული, უკონტროლო სახელმწიფო“ უწოდა, „რომლის მთავარი ექსპორტი ძალადობა, სისხლისღვრა და ქაოსია“, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესება, გაეროს გენერალური ასამბლეის მთავარი ყურადღების საგანი გახდა.

ოთხშაბათს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, 193 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს, სიტყვით გამოსვლისას უთხრა, რომ თეირანი არავის მუქარას არ მოითმენს და ტრამპის ბრალდებებით ის არ შემდრკალა. როჰანიმ ბრალდებებს „მახინჯი, არაკომპეტენტური სიტყვები“ უწოდა.

აშკარად შეერთებული შტატების ლიდერზე მინიშნებით, როჰანიმ თქვა, რომ პოლიტიკის სამყაროში „არაკომპეტენტური“ ახალბედების მიერ ბირთვული შეთანხმების „დანგრევა“, პროგრესისა და წინსვლისაკენ ირანის კურსს ვერასდროს შეაფერხებს.

როჰანიმ თქვა: „ირანი არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას დაარღვევს, მაგრამ ნებისმიერი მხარის მიერ მის დარღვევას გადაჭრით და მტკიცედ უპასუხებს. საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, მომავალი მოლაპარაკებებისთვის თავის სანდოობას ამით მხოლოდ ანადგურებს.“

ამ კვირაში ტრამპმა მტკიცედ მიანიშნა, რომ შესაძლოა მან შეერთებული შტატები ამ ხელშეკრულებიდან გამოიყვანოს. შეთანხმებას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მსოფლიოს ხუთი სხვა სახელმწიფოს, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და გერმანიის მეშვეობით გაფორმდა, ტრამპმა „შეერთებული შტატების სირცხვილი“ უწოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მიერ ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილება ორჯერ დაადასტურა, მაგრამ ახალი შეფასება ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს.

გაეროში პირველად გამოსვლისას ტრამპმა მსოფლიოს ლიდერებს უთხრა: „არ შეგვიძლია მკვლელ რეჟიმს იმის ნება მივცეთ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა გააგრძელოს და იმავდროულად საშიში რაკეტები ააგოს. ჩვენ არ შეგვიძლია დავემორჩილოთ ხელშეკრულებას, თუ ის ბირთვული პროგრამის ასაშენებლად საფარველს უზრუნველყოფს. ირანის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე უარესი და ცალმხრივი შეთანხმებაა, როგორშიც შეერთებული შტატები ოდესმე შესულა.“

ხელშეკრულებიდან შეერთებული შტატების გამოსვლის შემთხვევაში, შეთანხმება ჩამოიშლება. ხელშეკრულების სხვა მხარეები შეთანხმების მხარდაჭერას აგრძელებდნენ და მისი გადახედვის სურვილი არ გამოუმჟღავნებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG