ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Freedom House: 26 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლება გაუარესდა


საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ამ კვირაში ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. „ციფრული ავტორიტარიზმის დასაწყისი“ - ასე ჰქვია წლევანდელ ანგარიშს, რომელშიც საუბარია ე.წ. „ყალბ ახალ ამბებზე“, პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხეებზე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არაერთი ქვეყნის ხელისუფლება მომხმარებლების მონაცემებზე კონტროლს აძლიერებს და ონლაინ მედიასაშუალებებს „ყალბი ახალი ამბების გამავრცელებლებს“ მხოლოდ იმიტომ უწოდებს, რომ შეარყიოს და შეასუსტოს ინტერნეტ წყაროების მიმართ მოსახლეობის ნდობა და რწმენა.

ანგარიშში შეტანილია მოვლენები 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე. 65 შეფასებული ქვეყნიდან (რაც მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების 87 %-ს შეადგენს), 26 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა.

გაუარესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეგვიპტესა და შრი-ლანკაშია. მათ კამბოჯა, კენია, ნიგერია, ფილიპინები და ვენესუელა მოჰყვება. ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებლები შემცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გაუმჯობესება კი 19 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის სომხეთში. თუმცა, გაუმჯობესება ქვეყნების უმეტესობაში უმნიშვნელო იყო.

უკვე მერვე წელია, რაც ინტერნეტის თავისუფლება გლობალური მასშტაბით იკლებს. მსოფლიოში შეფასებული ინტერნერ-მომხმარებლების 20% თავისუფალ ქვეყნებში ცხოვრობს, 33% ნახევრად თავისუფალში, 35%-არათავისუფალში, 13 % კი არაა შეფასებული.

ინტერნეტის თავისუფლება ევრაზიის ქვეყნებში
ინტერნეტის თავისუფლება ევრაზიის ქვეყნებში

საქართველო - ლიდერი რეგიონში "შემაშფოთებელი ტენდენციებით"

საქართველო 25 ქულით თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით ერთი ნიშნულით გაუარესდა. ინტერნეტ თავისუფლების ინდექსით ის ლიდერია ევრაზიის რეგიონში. მის შემდეგ არის სომხეთი - 27 ქულით, შემდეგ კი მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან: ყირგიზეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი, თურქეთი, რუსეთი და უზბეკეთი.

საქართველოს ნაწილში ორგანიზაციის მკვლევარების ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე "პრობლემური და შემაშფოთებელი ტენდენცია": აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, „ბირჟა მაფიისა“ და კომპანია „აი ისას“ საქმეები. თუმცა, დადებითად იქნა შეფასებული ინტერნეტის თავისუფლების - როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დამატება კონსტიტუციაში და ის, რომ მთავრობას არ შეუზღუდავს წვდომა რომელიმე ონლაინ საშუალებასა თუ სოციალურ ქსელზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტზე ხელი დაახლოებით, 60.5 % -ს მიუწვდება. მათგან 43 %-ი ინტერნეტს ყოველდღე იყენებს. მოსახლეობის 21 %-ისთვის ინტერნეტი ინფორმაციის მთავარი წყაროა, 26 %-ისთვის კი - მეორადი.

ანგარიშში შეფასებულია ისიც, რომ მოქალაქეები ძირითადად "ფეისბუქს" იყენებენ იმისთვის, რომ მოახდინონ პროტესტის ორგანიზება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, მაგალითად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, თუ მკვლელობის საქმის შესაბამისი გამოძიება. ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წლის მაისში სწორედ ონლაინ აქტივიზმით დაწყებულმა პროტესტმა გამოიწვია შედეგად ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომა.

ჩინეთი - "ციფრული ავტორიტარიზმის" მასწავლებელი

Freedom House-ის მკვლევარების თქმით, ჩინეთი „ციფრული ავტორიტარიზმის“ დამყარებას ასწავლის 36 ქვეყნის წარმომადგენელს - ახალი მედიისა და ინფორმაციის მენეჯმენტის შესახებ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურ ტრენინგებს ატარებენ, რომელთაც ანგარიშის თანახმად, საქართველოს წარმომადგენელიც დაესწრო.

ჩინეთი სხვა ქვეყნების მთავრობის წევრებს ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვას ასწავლის
ჩინეთი სხვა ქვეყნების მთავრობის წევრებს ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვას ასწავლის

ინიციატივები "ყალბი ახალი ამბების" შემცირების სახელით

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17 ქვეყნის მთავრობამ წარმოადგინა ინიციატივები, რომლებიც ოფიციალურად ე.წ. „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელებისთვის ხელის შეშლას, სინამდვილეში კი ონლაინ-მედიის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 13 ქვეყანაში გაასამართლეს მოქალაქეები, „სავარაუდოდ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის“.

სახელმწიფო თვალთვალი და ბოტები

2017 წლის ივნისიდან 18 ქვეყანაში ხელისუფლებამ გააძლიერა სახელმწიფო თვალთვალი/მიყურადება, თან ისე, რომ თავიდან აეცილებინათ დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმები და დაესუსტებინათ მონაცემთა დაცულობის სისტემები, რათა მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა მიეღოთ.

​​შეფასებული 65 ქვეყნიდან, თითქმის ნახევარში, 32 ქვეყანაში მთავრობასთან დაკავშირებული კომენტატორები, ბოტები თუ ტროლები მანიპულირებდნენ ონლაინ დისკუსიებითა თუ შინაარსით. ეს პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვნად გავრცელდა და ტექნიკურად უფრო დახვეწილი გახდა ბოლო წლებში, თანაც ისეთი ღია პლატფორმებიდან, როგორიცაა Twitter ან Facebook. ზოგ შემთხვევაში ამგვარმა პრაქტიკამ დახურულ საკომუნიკაციო აპლიკაციებშიც გადაინაცვლა, მაგალითად აპლიკაციაში Whatsapp.

შეფასებული ქვეყნების თითქმის ნახევარში - 26 ქვეყანაში სადაც ინტერნეტის თავისუფლებამ იკლო, ეს შემცირება არჩევნებს უკავშირდებოდა. 12 ქვეყანაში შეინიშნებოდა დეზინფორმაციის გაძლიერება, ცენზურა, ტექნიკური თავდასხმები, არჩევნებთან კავშირში მყოფი მთავრობის კრიტიკოსების დაპატიმრება.

მთავრობები ინტერნეტ სერვისებს პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზეზებით ზღუდავდნენ. ინტერნეტ მომხმარებლებისთვის 22 სხვადასსხვა ქვეყანაში სულ მცირე ერთი სოციალური მედია ან კომუნიკაციის პლატფორმა მაინც დაიხურა. 13 ქვეყანაში ხელისუფლებამ გამიზნულად შეზღუდა ინტერნეტი ან მობილური კავშირგაბმულობა. რუსეთმა და ირანმა დაბლოკეს "ტელეგრამი", ინდოეთში კი ინტერნეტი ძალიან მასშტაბურად შეიზღუდა.

​ციფრული აქტივიზმი ხელს უწყობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს. ინტერნეტი კვლავ არის დემოკრატიული ცვლილებების ინსტრუმენტი და საშუალება. ამის კარგი მაგალითია სომხეთი, რომელიც "ნახევრად თავისუფალიდან", "თავისუფალ" ქვეყანათა სიაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ეფექტურად გამოიყენეს სოციალური მედიის პლატფორმები, კომუნიკაციის აპლიკაციები და ლაივ-სტრიმები იმისთვის, რომ ხავერდოვანი რევოლუცია მოეხდინათ აპრილში.

"პოპულისტ და ანტიდემოკრატიულ ლიდერებს სურთ შეამცირონ საზოგადოების ნდობა ონლაინ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ. ცდილობენ, რომ ფაქტებზე დაფუძნებული გვერდები, პირადი მოსაზრებები და სრული ფაბრიკაციები - ყველაფერი ჩაითვალოს "ყალბ ახალ ამბად" მაშინ, თუკი ისინი კრიტიკულია მთავრობის მიმართ", - ამბობს ადრიან შაბაზი, კვლევის დირექტორი და დასძენს, რომ ასეთი ლიდერები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს Fake News იმის საბაბად, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიასაშუალებები შეავიწროვონ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG