ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი: "ტელეგრამის" დამფუძნებლის დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ აქვს


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" დამფუძნებელ პაველ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მოტივი არ აქვს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, სოციალურ ქსელ "X"-ზე გავრცელებული განცხადება, რუსული წარმომავლობის დუროვის დაკავების პირველი ოფიციალური დადასტურებაა.

„საფრანგეთის მიწაზე "ტელეგრამის" პრეზიდენტის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა“, - წერს მაკრონი. „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებზეა დამოკიდებული“, - აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ არ იცის რა ბრალდება „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვს და შემდგომი კომენტარის გაკეთებამდე, მისი დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დაელოდება.

სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" დამფუძნებელი, საფრანგეთის პოლიციამ შაბათს დააკავა.

სამმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ დუროვი, „ტელეგრამის“ მფლობელი რუსეთში დაბადებული მილიარდერი, შაბათს, საფრანგეთის დედაქალაქის ლე ბურჟეს აეროპორტში კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან დაშვებიდან ცოტა ხანში დააკავეს.

ფრანგული მედიის ცნობით, ორშაბათისთვის, დუროვი ჯერ კიდევ დაკავებული იყო და პოლიცია მის დაკითხვას აგრძელებდა.

წყარომ საფრანგეთის პოლიციიდან სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ საფრანგეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის მქონე დუროვი, პოლიციის წინასწარი გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს. დუროვს ბრალად ედება მისი პლატფორმის გამოყენებით დანაშაულების ფართო სპექტრის ჩადენის შესაძლებლობის შექმნა, რადგან „ტელეგრამს“ მოდერატორები არ ჰყავს და პოლიციასთან არ თანამშრომლობს.

დაშიფრული კომუნიკაციების აპლიკაცია „ტელეგრამი“ დუბაიშია ბაზირებული და მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. ის განსაკუთრებით გავლენიანია რუსეთში, უკრაინაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.

დუროვმა რუსეთი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც უარი თქვა სოციალური მედიის პლატფორმა „ვკონტაქტე“-ზე ოპოზიციური ჯგუფები დაებლოკა. ის პლატფორმაც მისი დაფუძნებული იყო, რომელიც მას შემდეგ გაყიდა.

ორშაბათს კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა თქვა, რომ გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინი დუროვს არ შეხვედრია ბაქოში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG