ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსთან საზღვარს ლატვიაც აძლიერებს და ჯარს გზავნის


UKRAINE-CRISIS/LATVIA-BELARUS
UKRAINE-CRISIS/LATVIA-BELARUS

ლატვია ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს და ეფექტური კონტროლისთვის ადგილზე ჯარს გზავნის. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიიღო.

ლატვიასა და ბელარუსს 172 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობები გახშირდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსიდან ლატვიის მიმართულებით საზღვრის 96 უკანონო კვეთა დაფიქსირდა.

სასაზღვრო პოლიციასთან ერთად საზღვარზე კონტროლის პროცესში ჯარიც ჩაერთვება. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს წევრი ლატვია ფლობს ინფორმაციას ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბელარუსის ხელისუფლება უფრო მეტად აქტიურად ცდილობს არალეგალური მიგრანტების ნაკადის ორგანიზებას და მოსაზღვრე, ნატოს წევრი ქვეყნების მიმართულებით მათ გადაადგილებაში დახმარებას.

მას შემდეგ, რაც ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევით ევგენი პრიგოჟინი და მისი „ვაგნერის“ ჯგუფის წარმომადგენლები ჩავიდნენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ამბობენ, რომ მათ საზღვრებზე უკანონო მიგრანტთა გადაადგილება გაიზარდა. სამივე, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს საფრთხის შემცველი ვითარებაა. რისკს კი კიდევ უფრო ზრდის ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ "ვაგნერელებს" სურთ პოლონეთზე თავდასხმა, თუმცა მათ ამისგან თავად აკავებს.

საზღვარზე კონტროლი გამკაცრებული აქვს პოლონეთსაც, რომელიც თავის მხრივ გეგმავს, რომ ადგილზე 10 000-მდე სამხედრო განათავსოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბელარუსიდან მიგრანტების გამოყენებით პრობლემები იქმნება. საიმიგრაციო კრიზისი ბალტიისპირეთის ქვეყნებში 2021 წელსაც შეიქმნა. მაშინაც მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ბელარუსიდან საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები. საუბარია მიგრანტებზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ბელარუსი დახმარებას უწევს მიგრანტებს გადააადგილებაში და მათ მოგვიანებით ევროპის მიმართულებით გზავნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG