ღაზის სექტორში ისრაელი კიდევ უფრო დაწინაურდა. ისრაელის ტანკები რაფაში, ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ. სექტორის დაბომბვის დროს, მოკლულია პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
რაფაში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს, ისრაელი უკვე აკონტროლებს ქალაქის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს. ამჯერად, ისრაელი მოქმედებებს მისი დასავლეთის და ჩრდილოეთ რეგიონების გასაკონტროლებლად ატარებს. ადგილზე თვითმხილველები მძიმე ბრძოლების თაობაზე იტყობინებიან.
პალესტინელთა განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას, ღაზის სასწრაფო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი, ჰანი ალ-ჯაფარავი შეეწირა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად, ლიკვიდირებულია "ჰამასის" ძალების ერთ-ერთი მეთაური.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ჰანი ალ-ჯაფარავი იმყოფებოდა ალ-დარაჯის საავადმყოფოში, რომელიც იმ მომენტში დაიბომბა. მათივე განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულმა ისრაელის იერიშებმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის 500-მდე მუშაკი შეიწირა, 300 კი დაკავებულია.
პარალელურად, ისრაელი აცხადებს, რომ დაბომბვისას მათი სამიზნე მოჰამად სალაჰი იყო, "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც "ჰამასის" შეიარაღებაზე იყო პასუხისმგებელი.
"სალაჰი "ჰამასის" ტერორისტულ დაჯგუფებაში, სტრატეგიული შეიარაღების განვითარების პროექტის ნაწილი იყო და ის მეთაურობდა "ჰამასის" ტერორისტთა ჯგუფებს, რომლებიც ამ იარაღის განვითარებაზე მუშაობდნენ", - ნათქვამია ისრაელის ოფიციალურ განცხადებაში.
საბრძოლო მოქმედებათა დაწყებიდან რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, საერთაშორისო შუამდგომლობამ, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს, ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო. "ჰამასი" თვლის, რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ ღაზის სექტორში ომი უნდა დაასრულოს. ისრაელი კი ამბობს, რომ ბრძოლებში მხოლოდ დროებით პაუზებზეა თანახმა და ომს "ჰამასის" სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.
ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასთან" ომს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს, როცა ისრაელზე "ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმისას, 1 200 ისრაელელი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. მათგან ნაწილი პალესტინელ პატიმრებში გაცვალეს, ზოგი დაიღუპა, ათეულობით მძევალი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაში რჩება.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის იერიშებს ღაზაში 35 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
Facebook Forum