ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს "ჰამასს" მიიღოს ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ზავი და შეთანხმება, რათა ღაზაში ომი დასრულდეს. ვაშინგტონის გეგმას გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა.
ახლო აღმოსავლეთში ეს ბლინკენის მერვე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად, ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა. ბლინკენი მოუწოდებს რეგიონის ქვეყნებს, დაარწმუნონ პალესტინელთა დაჯგუფება, მიიღოს ამ შეთანხმების პირველადი ვარიანტი. ამერიკა ისრაელსაც მოუწოდებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებულ პირობებს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არც ისრაელს გამოუცხადებია ამაზე დასტური.
"ჩემი გზავნილი მთავრობებისთვის და ერებისთვის მთელ რეგიონში ისაა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, გავლენა მოახდინეთ "ჰამასზე", რომ ის ამას დათანხმდეს", - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს კაიროში.
გასულ თვეში ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რაც საბოლოოდ ომს დაასრულებს. თუმცა ისრაელი ამბობს, რომ მხოლოდ დროებით პაუზებს დათანხმდება მანამ, სანამ "ჰამასი" საბოლოოდ არ დამარცხდება. "ჰამასი" კი, რომელიც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ამბობს, რომ არ მიიღებს შეთავაზებას, რომელიც ომის დასრულებას არ უზრუნველყოფს.
ომი ღაზაში უკვე მეცხრე თვეა გრძელდება, ვაშინგტონის გეგმას კი ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომაც დაუჭირა მხარი და მასზე დაფუძნებული რეზოლუცია მიიღო, 14-მა წევრმა შეთავაზებას ხმა მისცა, რუსეთმა კი - თავი შეიკავა. "ჰამასი" ამბობს, რომ შუამავლებთან ითანამშრომლებს. თუმცა მანამდე, დაჯგუფების ზოგიერთი ლიდერი ამბობდა, რომ ბლინკენის განცხადებები "ისრაელისადმი მიკერძოების მაგალითი იყო".
ბლინკენი კაიროდან ისრაელში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრებს ცალცალკე შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მან ხაზი გაუსვა ომის შემდგომ ღაზის მომავლის შესახებ გეგმის შემუშავების აუცილებლობას და იმას, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს.