ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი რაფას დაბომბვას აძლიერებს, ტანკები დასავლეთით წინსვლას ცდილობენ


იმ დროს, როდესაც ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მომუშავე შუამავლების ძალისხმევის წინსვლის ნიშნები არ ჩანს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ისრაელის ძალებმა ღამის განმავლობაში რაფა ჰაერიდან და ხმელეთიდან დაბომბა, ტანკებმა კი დასავლეთისკენ დაწინაურება სცადეს.

ისრაელის ჯარსა და „ჰამასის“ მეთაურობით მებრძოლ პალესტინელებს შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა თქვეს, რომ ტანკებმა, რომლებმაც ეგვიპტესთან საზღვარზე კონტროლი დაამყარეს, ქალაქის დასავლეთისკენ და ცენტრისკენ რამდენიმე რეიდი განახორციელეს. დაიჭრა რამდენიმე მცხოვრები, ვისთვისაც ვითარების ასეთი განვითარება მოულოდნელი იყო და ისინი საკუთარ სახლებში მომწყვდეული აღმოჩნდნენ.

„ვფიქრობ, საოკუპაციო ძალები რაფას სანაპიროსთან გასვლას ცდილობს. ღამის რეიდები და დაბომბვები ტაქტიკური იყო, ისინი ძლიერი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ და უკან დაიხიეს“,- თქვა ერთმა პალესტინელმა მამაკაცმა.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი ღამე იყო. ზოგიერთი საკუთარ სახლში დაიჭრა, სანამ ამ დილით მათი ევაკუაცია მოხდებოდა“, - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ საკომუნიკაციო აპლიკაციის საშუალებით.

ისრაელის ძალები ცენტრალურ ღაზაში ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზეც მოქმედებდა. იმავდროულად, ორი სხვა ბანაკი და ახლომდებარე ქალაქი თვითმფრინავებიდან და ტანკებიდან იბომბებოდა. მედიკოსებმა თქვეს, რომ რამდენიმე პალესტინელი დაიღუპა და დაიჭრა.

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ „ისლამურმა ჯიჰადმა“ და სხვა მცირე ჯგუფებმა თქვეს, რომ მათ ანკლავის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილების ზოგიერთ ადგილზე, შემოჭრილ ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელეს.

კატარელმა და ეგვიპტელმა შუამავლებმა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, გააძლიერეს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, რომელიც დაპირისპირებას შეაჩერებს და ისრაელელი მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი ბევრი პალესტინელის გათავისუფლებას მოიტანს. მაგრამ, მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფმა წყარომ თქვა, რომ ამ საქმეში გარღვევის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს.

ნოემბერში ხანმოკლე ერთკვირიანი ზავის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის ყველა მცდელობა ჩაიშალა. „ჰამასი“დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის სრულებით შეჩერებას. ისრაელი ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის დამარცხებამდე მზად არის მხოლოდ დროებით საომარ პაუზებზე იმსჯელოს.

„ჩვენ ამ შეთანხმების მისაღწევად სრული მოქნილობა გამოვიჩინეთ, მაგრამ ისრაელის ოკუპაცია აგრესიის დასრულების და ღაზის სექტორიდან ძალების გაყვანის ნებისმიერ ვალდებულებაზე უარის თქმას აგრძელებს“, განუცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა „როიტერს“.

„ოკუპაცია და ამერიკელები არიან დამნაშავე შეთანხმების არქონაში, რადგან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამ ომის დასრულება არ სურთ“, თქვა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

ომი „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბრის თავდასხმით გამოიწვია, როდესაც ისრაელის მონაცემების თანახმად, დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლა და და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა. მძევალთა დაახლოებით ნახევარი ნოემბრის ზავის დროს გაათავისუფლეს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს "ჰამასი" ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.

ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელის სამხედრო თავდასხმამ 36,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და შიშობენ რომ ნანგრევებში კიდევ ათასობით ამაზე მეტი დაღუპულია მოყოლილი.

ამერიკის და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა „როიტერს“ უთხრეს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას „ჰამასის“ ძალების დაახლოებით ნახევარი გაანადგურეს. „ჰამასი“ თავისი დანაკარგების რიცხვს არ ამჟღავნებს და ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ისრაელმა ციფრები გაბერა. ისრაელის სამხედრო ძალების დანაკარგი თითქმის 300 ჯარისკაცია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG