ევროკავშირის ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვიდეო მიმართვა ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ვებგვერდზე გავცელდა.
„რამდენიმე დღეში ევროკავშირის 27 ლიდერი ბრიუსელში შეიკრიბება. მინდა გითხრათ რატომ არის ეს შეკრება მნიშვნელოვანი. ჩვენ მოგვიწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მჯერა, რომ ახლა არის დრო ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია.
უფრო კონკრეტულად, ჩემი მიზანია გადავწყვიტოთ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
რა თქმა უნდა ამ ქვეყნებს მოუწევთ შეასრულონ პირობები ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
უკრაინელმა ხალხმა აირჩია თავისუფლება დემოკრატია და ევროპული მომავალი და ახლა ამისთვის იბრძვის. ჩვენ კი მათ გვერდით ვართ. ევროპაში კვლავ ომია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა,“- ამბობს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამავე ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააქტიურებს მოლაპარაკებებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ევროკავშირში, რაც შარლ მიშელის თქმით მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც.