ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ვიქტორ ორბანი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების ღია კრიტიკოსია, ამბობს რომ საჭიროა უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგეს.
ვიქტორ ორბანი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის ლიდერმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.
ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მიესალმება ოფიციალური კიევის ძალისხმევას სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, რომლის პირველი შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა და მომდევნო წლის ბოლოს გაიმართება.
„მე ვთხოვე პრეზიდენტს დაფიქრებულიყო, შეგვეძლო თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარება, პირველ რიგში ცეცლის შეწყვეტით,“ - ამბობს ორბანი და განმარტავს, რომ ვადიანი ცეცხლის შეწყვეტა გააჩენს შესაძლებლობას რათა დაჩქარდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია ვადასთან, გააჩენს შანსს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების. მე მოვიკითხე ეს შესაზლებლობა პრეზიდენთან და მადლობელი ვარ მისი გულწრფელი პასუხებისთვის და მოლაპარაკებებისთვის,“- თქვა ორბანმა უკრიანის პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც, რომელსაც არცერთი სიტყვა არ უთქვამს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, ზელენკის არც ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე გაუმახვილებია ყურადღება.
„დღეს ჩვენი [უკრაინისა და უნგრეთის] დიალოგის შინაარსი ყველა საკითხზე, შესაძლოა გახდეს საფუძველი ორმხრივი დოკუმენტისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“,- თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
უგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად არის დაეხმაროს უკრაინას ეკონომიკურ მოდერნიზებაში.
"გვსურს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დავალაგოთ, გვინდა, უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ გლობალურ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ისეთივეს, როგორებიც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს. უკრაინას საუკეთესოს ვუსურვებ და უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს თქვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ", - თქვა ორბანმა.
მეზობელ ქვეყნებს, უნგრეთსა და უკრაინას შორის კავშირები მას შემდეგ დაიძაბა რაც 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბუდაპეშტი ამ დროის განმავლობაში ხშირად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ძალისხმევას რომელიც კიევის მხარდაჭერას გულისხმობდა. ვიქტორ ორბანი კიევს უკრაინაში მცხოვრები დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის უფლებების შეზღუდვაშიც ადანაშაულებდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ომის მიმდინარეობის დროს რუსეთთან კავშირები არ გაუწყვიტავს, გასული წლის ოქტომბერში ორბანი პუტინს პირადადაც შეხვდა. შეხვედრას ბრიუსელის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
ამ ფონზე უკრაინას უნგრეთის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან კიევი დიდწილად ეყრდნობა ევროკავშირის, 27 ქვეყნის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სადაც ბევრი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.
ორბანის ეს მოულოდნელი ვიზიტი უკრაინაში დაკავშირებულია, როტაციის გზით უნგრეთის როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსთან, რომელსაც უნგრეთი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ატარებს.
„უნგრეთის თავმჯდომარეობის მიზანია წვლილი შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში. სწორედ ამიტომ იყო ჩემი პირველი ვიზიტი კიევში“,- დაწერა ორბანმა „ფეისბუქზე“ მას შემდეგ რაც ის კიევში ჩავიდა.
გასულ კვირას ევროკავშირმა, სამიტზე კიევთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ბლოკში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა.
Facebook Forum