ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა 


როტაციის პრინციპით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ავტორიტარულ ნიშნებს შეიცავს და რუსეთისადმი მეგობრულად არის განწყობილი.

უნგრეთმა, რომელმაც ევროკავშირის თავმჯდომარეობა როტაციით მიიღო, პირობა დადო, რომ ამ პოზიციაზე „პატიოსანი შუამავალი“ იქნება.

ვიქტორ ორბანი, რომლის პოლიტიკაც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ბრიუსელის პოლიტიკასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ორბანის მიზანია ქვეყანა „არალიბერალურ დემოკრატიად“ გარდაქმნას.

ძირითადი წინააღმდეგობის საკითხები, რომელიც ორბანის მთავრობასა და ბრიუსელს შორის არსებობს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს შეეხება.

2023 წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთში „დემოკრატიული უკანსვლაა“. რეზოლუციის ტექსტში გამოთქმული იყო შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად შეძლებდა ორბანის უნგრეთი ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულებას.

ოფიციალური ბუდაპეშტი მკაფიოდ ამბობს, რომ მზად არის აიღოს „მოვალეობები და პასუხისმგებლობები“, რომელიც ხელს შეუწყობს 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის ფუნქციონირებას.

„ერთგულად ვიმუშავებთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან და ინსტიტუტთან“, - თქვა ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენელმა იანოშ ბოკამ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს, ბოლოს, უნგრეთი 2011 წელს ფლობდა.

უნგრეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაჭყების შემდეგ, მოსკოვთან კავშირები შეინარჩუნა, უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და კრიტიკულად არის განწყობილი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების მიმართ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG